ხორცისმჭამელ შინაურ ცხოველთა ვეგანად გადაქცევას სულ უფრო მეტი მფლობელი ცდილობს
კატები და ძაღლები ხორცისმჭამელი ცხოველები არიან, მაგრამ ეს ფაქტორი სულ არაფერს ნიშნავს მრავალი ადამიანისთვის, რომლებიც თავიანთ შინაური ცხოველების მცენარეულ საკვებზე გადაყვანას ცდილობენ.
კვლევის ფარგლებში აღრიცხვისას, მთელი მსოფლიოს მასშტაბით ძაღლისა და კატის 3673 მფლობელიდან 35 პროცენტს აქვს სურვილი, თავიანთ ოთხფეხა მეგობრები ვეგანებად აქციონ.
კვლევის მიზანი იყო გაერკვია, რამდენი მფლობელი ცდილობს ხორცისმჭამელ ცხოველთა ვეგანად გადაქცევას და რა გავლენას ახდენს კვების მცენარეული რაციონი ამ ცხოველებზე.
რესპონდენტთაგან მხოლოდ 212 იყო ვეგანი (5,8 პროცენტი). მათგან 78 პროცენტი თავიანთ ცხოველების მცენარეულ რაციონზე გადაყვანას აპირებდა. 58 ვეგანი, ანუ 27 პროცენტი, უკვე ასე იქცეოდა. ერთი ვეგატარიანელი თავის ცხოველს ასევე ვეგანური რაციონით კვებავდა.
ძაღლები ე. წ. არასავალდებულო ხორცისმჭამელები არიან, რაც იმას ნიშნავს, რომ საჭიროების შემთხვევაში, მათ მცენარეული რაციონით გადარჩენაც შეუძლიათ. თუმცა, ასეთი რაციონის შემუშავებისას საჭიროა უფრთხილესი მიდგომა, რათა დავრწმუნდეთ, რომ ძაღლი მიიღებს ჯანმრთელობისათვის საჭირო ყველა ელემენტს. გარდა ამისა, ძაღლებს ძალიან უყვართ ძვლების ღრღნა, რაც ხელს უწყობს მათი კბილების სიჯანსაღეს და ფსიქიკურ ჯანმრთელობას.
მეორე მხრივ, კატები ე. წ. სავალდებულო ხორცისმჭამელები არიან. ეს კი იმას ნიშნავს, რომ მათ შეუძლიათ მცენარეების ჭამა, მაგრამ შეუძლებელია ჯანმრთელნი იყვნენ ხორციანი კვების რაციონის გარეშე. შესაბამისად, ნამდვილად არ არის გონივრული, თქვენს კატებს ვეგანად გადაქცევა აიძულოთ. გაერთიანებულ სამეფოში ასეთი საქციელი სისხლის სამართლის დანაშაულია.
კვლევის დროს გამოიკვეთა კარგი ამბავიც. მიუხედავად იმისა, რომ მრავალი რესპონდენტს სურდა საკუთარ ცხოველთა გადაყვანა მცენარეულ რაციონზე, მათ უმეტესობას ამის გაკეთება იქამდე არ სურს, ვიდრე გამოჩნდება ცხოველთა ვეგანური საკვები, რომელიც ადეკვატურად ჩაანაცვლებს ცხოველებში ხორცის საჭიროებას.
აღსანიშნავია, რომ გამოკითხულ ხორცსიმჭამელთა და ვეგეტარიანელთა ნახევარზე მეტს ამორალურად მიაჩნდა ძაღლებისა და კატების მხოლოდ მცენარეული საკვებით კვება.
თავიანთ ოთხფეხა მეგობართა ვეგანებად გადაქცევით დაინტერესებულნი კი წუხდნენ ფერმებში მოშენებულ ცხოველებზე, რომელთა ხორციც მათი ძაღლებისა და კატების ძირითად საკვებს წარმოადგენდა.
მკვლევრები შენიშნავენ, რომ საჭიროა მეტი კვლევა, რათა დადგინდეს შინაური კატებისა და ძაღლების მცენარეულ რაციონზე გადაყვანის პოტენციური რისკები.
კვლევა ჟურნალ PLOS One-ში გამოქვეყნდა.
მომზადებულია ScienceAlert-ის მიხედვით.