ხორცის ნახევარფაბრიკატების ფალსიფიცირების ფაქტზე ორი კომპანიის ხელმძღვანელი პირები პასუხისგებაში მისცეს
საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა, გატარებული ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ხორცის ნახევარფაბრიკატების ფალსიფიცირების ორი ფაქტი გამოავლინეს და ორი კომპანიის ხელმძღვანელი პირი პასუხისგებაში მისცეს.
გამოძიების ინფორმაციით, ბრალდებულები ქალაქ ბათუმში მდებარე ხორცის ნახევარფაბრიკატების საწარმოებში ფალსიფიცირებულ-თვისობრიობაშეცვლილ ხორცპროდუქტებს აწარმოებდნენ.
„ექსპერტიზის დასკვნის თანახმად, პროდუქტების შემადგენლობა არ შეესაბამებოდა ეტიკეტზე მითითებულ მონაცემებს – მზა პროდუქტში დაბალი იყო ცხიმის, ცილის და ფარშის მასური წილის შემცველობა, ასევე ენერგეტიკული ღირებულება“, – აცხადებენ საგამოძიებო სამსახურში.
უწყების ცნობით, აღნიშნული კატეგორიის დანაშაულისათვის საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 197-ე მუხლის პირველი ნაწილი სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას ერთიდან სამ წლამდე ვადით.