„ხორბლისა და ფქვილის მწარმოებელთა ასოციაციის“ დირექტორი - ფქვილზე ფასები ფაქტობრივად მცირდება და მნიშვნელოვანია, ეს ტენდენციაში გადავიდეს
„საქართველოს ხორბლისა და ფქვილის მწარმოებელთა ასოციაციის“ აღმასრულებელი დირექტორი ლევან სილაგავა აცხადებს, რომ ფქვილზე ფასები ფაქტობრივად მცირდება და მნიშვნელოვანია, ეს ტენდენციაში გადავიდეს.
მისი თქმით, ერთი თვის წინ ერთი ტომარა ფქვილი დაახლოებით 85 ლარი ღირდა, დღეს კი 80 ლარი ღირს.
„ჩვენ ამის ფრთხილი ოპტიმიზმი გაგვაჩნია. ვიცით, ამუშავდა უკრაინის დერეფანი, რომელიც დიდი ძალისხმევით მსოფლიო თანამეგობრობის ჩართულობით ხდება, რამაც გარკვეული დადებითი ტენდენციები გამოიწვია. მათ შორის, რუსეთში საკმაოდ დიდი მოსავალია და აქაც მცურავი ბაჟი შემცირებისკენ წავიდა. დღეს მცურავი ბაჟი არის ყოველკვირეული გამოსატანი ხორბლის 68 დოლარი ერთ ტონაზე, ფქვილზე ისევ ნული – ეს მუდმივად ასეა. დღეს სამწუხაროდ, ტენდენცია ის არის, რომ ფქვილი შემოდის და დიდი წისქვილები თავისი მასშტაბურობიდან გამომდინარე ვერ მუშაობენ, რადგან დიდი რაოდენობით ხორბალი სჭირდებათ. ამიტომ უფრო საშუალო და მცირე წისქვილები მუშაობენ. თუმცა შესაძლებელია, წისქვილების სხვა ნაწილმაც იფიქროს უკვე წარმოების ამუშავებაზე და არა ფქვილის შემოტანაზე. უფრო რისკიანია ფქვილის შემოტანა, ვიდრე ხორბლის.
ერთი თვის წინ ერთი ტომარა კარგი ხარისხის ფქვილი დაახლოებით 85 ლარი ღირდა, დღეს 80-ზეა ჩამოსული. თუ ჯაჭვში არ იქნა შემოყვანილი ქსელური მარკეტები, ჩვენ ვერ გავიგებთ, აისახა თუ არა მომხმარებლამდე მისულ პურზე. ეს არის ევროპული პრაქტიკა, როდესაც პირველადი მოთხოვნილების პროდუქციის გარკვეულ სეგმენტზე ხდება სახელმწიფოს მიერ კონტროლი ყველა ჯაჭვში, ყველა ეტაპზე. ამ კონკრეტულ შემთხვევაში, რეფერენტული ფასები გულისხმობს, რამდენიმე პროდუქციაზე გაკეთდეს კონტროლი. შეიძლება, დიფერენცირება გაკეთდეს სხვადასხვა პურის ფასებთან მიმართებაში, ანუ ფასნამატი მცირე დატოვონ სოციალურ პურზე, სამაგიეროდ, სხვა პურზე შეუძლიათ იგივე ფასნამატის გადაანგარიშება, რაც უკვე იმ კატეგორიის ადამიანებისთვის დიდი ტვირთი არ იქნება“, – განაცხადა სილაგავამ.