„ხორბლისა და ფქვილის მწარმოებელთა ასოციაცია“ მთავრობას ახალი შეთავაზებით მიმართავს
„ხორბლისა და ფქვილის მწარმოებელთა ასოციაცია“ მთავრობას ახალი შეთავაზებით მიმართავს

„საქართველოს ხორბლისა და ფქვილის მწარმოებელთა ასოციაცია“ მთავრობას ახალი შეთავაზებით მიმართავს. შეთავაზება სამ პუნქტს მოიცავს.

როგორც ასოციაციაში აღნიშნავენ, შეთავაზების მიზანია პურის ფასის შენარჩუნება და წისქვილკომბინატების ამუშავება.

„წინა შეთავაზებისგან განსხვავებით, დამაბალანსებელი მოსაკრებელი შემოდის არა მთლიანად ფქვილის იმპორტის მთელ მოცულობაზე, არამედ გამონაკლისს წარმოადგენს ყოველ თვეში იმპორტის საერთო მოცულობიდან 7 000 ტონა კვოტირებული ფქვილი. კვოტის აღნიშნული რაოდენობა წარმოადგენს პურის ქარხნების მიერ ყოველ თვეში მოხმარებული ფქვილის მაქსიმალურ რაოდენობას მასობრივი პურის გამოსაცხობად და გადანაწილდება პურის ქარხნებზე (წინა წელში გამოშვებული მასობრივი მოხმარების პურის გამოსაცხობად მოხმარებული ფქვილის რაოდენობა), შესაბამისად, პურის ქარხნები პირდაპირ ღებულობენ გამოყოფილი კვოტის 7000 ტონა იმპორტირებულ ფქვილს ნულოვანი დაბეგვრის რეჟიმით (ამჟამინდელი რეჟიმით) მასობრივი მოხმარების პურის გამოსაცხობად.

აქედან გამომდინარე, პურის ქარხნები უზრუნველყოფილი იქნებიან 7 000 ტონა იმპორტირებული ფქვილით, ყველაზე დაბალი ფასით, ნულოვანი დაბეგვრის რეჟიმით (რჩება ამჟამად არსებული რეჟიმი). შესაბამისად, მომხმარებელი ყველაზე დაბალ ფასიანი იმპორტირებული ფქვილისაგან მიიღებს ყველაზე დაბალ ფასად მასობრივი მოხმარების პურს, რითაც გადაწყდება პურის ფასის პრობლემა.

შეთავაზება სამპუნქტიანია და გულისხმობს:

1 – წისქვილკომბინატების მიერ გაჩერებული მუშა პროცესის განახლებას, ამისთვის: დაწესდეს დამაბალანსებელი საიმპორტო მოსაკრებელი ფქვილის იმპორტზე, რაც გაათანაბრებს ფქვილისა და ხორბლის იმპორტის საგადასახადო რეჟიმებს. ფქვილის იმპორტზე დამაბალანსებელი მოსაკრებლის შემოღების შემთხვევაში წისქვილკომბინატები შეძლებენ მუშა პროცესის აღდგენას, აქედან გამომდინარე ყველა შედეგებით უზრუნველყოფენ ადგილობრივი ფერმერებისაგან 2022 წლიდან დარჩენილი, ჩაუბარებელი ხორბლის მოსავლის გარანტირებულ შესყიდვას ხარისხების შესაბამის ფასად (დღეს წისქვილების გაჩერების ფონზე, ხორბლის შესყიდვის შეთავაზებული ფასი საერთოდ არ არსებობს), რაც უზრუნველყოფს შეჩერებული საგაზაფხულო სამუშაოების დაწყებას.

2 – პურის მწარმოებლების მიერ მასობრივი მოხმარების პურზე დაბალი ფასის შენარჩუნებისა და ეფექტური კონტროლის მიზნით, შემოღებულ იქნას ფქვილის იმპორტის ყოველთვიური კვოტა – 7 000 ტონა, რომელზეც არ გავრცელდება დამაბალანსებელი გადასახადი. ანუ, გათავისუფლებული იქნება დამაბალანსებელი საიმპორტო გადახდისაან (აღნიშნული რაოდენობის იმპორტირებულ ფქვილზე დარჩება დღეისთვის არსებული იგივე ნულოვანი გადახდის რეჟიმი, რომელიც მთავრობისა და პურის მრეწველთა კავშირის მონაცემებით სრულად და შეუფერხებლად უზრუნველყოფს დღეს არსებული მასობრივი მოხმარების პურის ფასის გაიაფებას 10 თეთრით და მის ფასის შემდგომ სტაბილურობას).

აღნიშნული 7 000 ტონა ფქვილის კვოტა გადანაწილდეს ისტორიული პრინციპით (ბოლო ერთი წლის მანძილზე გამოცხობილი პურის რაოდენობის მონაცემებით) იმ პურის ქარხნებსა და საცხობებზე, რომლებიც აწარმოებენ მასობრივი მოხმარების პურს (პურის ქარხნების და საცხობების სია წარმოადგინოს პურის მრეწველთა კავშირმა). პურის ქარხნებსა და საცხობებს თავიანთი კვოტების ფარგლებში შეეძლებათ, განახორციელონ ფქვილის იმპორტი თვითონ ან შეიძინონ ფქვილის იმპორტიორებისგან არსებული კვოტით 7 000 ტონა დაუბეგრავი ფქვილი იმ პერიოდისათვის არსებული ყველაზე დაბალი ფასით, რაც სრულად უზრუნველყოფს პურის ქარხნების მიერ მასობრივი მოხმარების პურის შეუფერხებელ ცხობას დაუბეგრავი იმპორტირებული ფქვილით და პურზე დაბალ ფასს.

3 – წისქვილკომბინატები იღებენ ქვეყნის სასურსათო უსაფრთხოების უზრუნველყოფის ვალდებულებას (ხორბლით 2-თვიანი გარდამავალი მარაგების შექმნით).

ზემოთ აღნიშნულის შედეგი იქნება პურის ქარხნების მიერ პურის ფასის შენარჩუნება ნებისმიერ პერიოდში ყველაზე დაბალ ფასად, ყველაზე დაბალ ფასად იმპორტირებული ფქვილის გარანტირებულად მიღების გზით, ადგილობრივი წისქვიკლომბინატების ამუშავება, ქართული მოსავლის შეუფერხებელი მიღება, ფერმერების მიერ საგაზაფხულო სამუშაოების განახლება, ახალი ხორბლის მოსავლის მოყვანის მოტივაცია და თვითუზრუნველყოფის კოეფიციენტის გარანტირებული ზრდა, წისქვილებში 3 000 ადამიანის სამუშაო ადგილის შენარჩუნება, საქართველოს ბიუჯეტის შევსება წისქვილების შენატანებით, ხორბლის 2-თვიანი მარაგების შექმნა“, – ნათქვამია ასოციაციის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

„საქართველოს ხორბლისა და ფქვილის მწარმოებელთა ასოციაციაში“ განმარტავენ, რომ კვოტის შემოღება არ არღვევს მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციის წესდებას, არის სრულიად მსოფლიო და ევროპული პრაქტიკა.