ხორავას ქუჩაზე მოსწავლეების მკვლელობის საქმეზე სასამართლო განხილვა მიმდინარეობს
თბილისში, ხორავას ქუჩაზე მოსწავლეების მკვლელობის საქმეზე სასამართლო განხილვა მიმდინარეობს. დღევანდელ პროცესზე საქალაქო სასამართლოში ბრალდების 5 მოწმე დაიკითხება. პროკურორის განცხადებით, ისინი საქმის ფაქტობრივ გარემოებებს დაადასტურებენ.
“დაიკითხება 5 მოწმე, რომლებიც საქმის ფაქტობრივ გარემოებებს დაადასტურებენ, კონკრეტულად კი, შემთხვევის ადგილზე განვითარებულ მოვლენებს. ერთი მოწმე ის ადამიანია, ვინც საგამოძიებო მოქმედებები ჩაატარა“, – განაცხადა პროკურორმა ზვიად ფხაკაძემ.
დაცვის მხარე კი, იმ ექსპერტიზის პასუხის მოლოდინშია,რომელმაც რამდენიმე მნიშვნელოვან კითხვას უნდა გასცეს პასუხი, ადვოკატის თქმით, ექსპერტიზამ უნდა დაადგინოს რამდენი დანა იქნა გამოყენებული მკვლელობის ადგილზე.
“ჩვენ კომპლექსური ექსპერტიზა გვაქვს დანიშნული, სადაც ექსპერტმა უნდა უპასუხოს უმნიშვნელოვანეს შეკითხვას, რამდენი სხვადასხვა დანით არის მიყენებული ჭრილობები გარდაცვლილთა სხეულზე. თუ დადგინდება რომ მიყენებულია ჭრილობა სამი ან მეტი დანით, უტყუარად დადგინდება ის, რომ გარდაცვლილებს სხეულის დაზიანებები არა ორმა, არამედ გაცილებით ბევრმა პირმა მიაყენა“, – განაცხადა ადვოკატმა ტარიელ კაკაბაძემ.
კაკაბაძის თქმით, ექსპერტიზის პასუხები ჯერ ცნობილი არ არის და შესაბამისად, მისი მტკიცებულებების სახით წარდგენა ვერ ხერხდება.
გასული წლის პირველ დეკემბერს მომხდარი მკვლელობის საქმეზე დაკავებულია ორი არასრულწლოვანი. მათ ბრალად ედებათ წინასწარ შეცნობით, განზრახ მკვლელობა ჯგუფურად.