ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის საქმეზე დაკავებული მერაბ მორჩაძის წინასასამართლო სხდომა გაიმართა
საქალაქო სასამართლოში ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის საქმეზე დაკავებული მერაბ მორჩაძის წინასასამართლო სხდომა გაიმართა.
დღევანდელ პროცესზე მოსამართლეს მხარეების მტკიცებულებათა დასაშვებობის შესახებ უნდა ემსჯელა, თუმცა ბრალდების მხარეს წერილობითი დასაბუთების მოსამზადებლად სასამართლომ გონივრული ვადა მისცა.
„დღევანდელ პროცესზე ბრალდების და დაცვის მხარის მიერ წარდგენილი იქნა შუამდგომლობა მათ მიერ მოპოვებული მტკიცებულებების დასაშვებობაზე. დაცვის მხარემ იშუამდგომლა ბრალდების მხარის მტკიცებულებების ნაწილის დაუშვებლად ცნობაზე, რასაც არ ვეთანხმებით, თუმცა რადგან შუამდგომლობა რამდენიმე წუთის წინ გაჟღერდა და ჩვენთვის არ იყო ცნობილი, წერილობითი დასაბუთების მოსამზადებლად სასამართლომ განგვისაზღვრა გონივრული დრო. მომდევნო სხდომაზე წარვადგენთ პოზიციას, როგორც დაცვის მხარის შუამდგომლობაზე, ასევე მათ მიერ მოპოვებული მტკიცებულების დასაშვებობის თაობაზე. მტკიცებულებებეში არის მოწმეთა ჩვენებები და ნივთიერი მტკიცებულებები, ასევე ვიდეოჩანაწერები”, -აცხადებს პროკურორი მირიან მეგრელიშვილი.
მორჩაძის ადვოკატი კი, აღნიშნავს, რომ ბრალდების მხარეს მტკიცებულებები პროცესუალური ნორმების დარღვევით აქვს მოპოვებული. გაგი მოსიაშვილი აცხადებს, რომ სასამართლოში ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის საპარლამენტო საგამოძიებო კომისიის თავმჯდომარე და წევრები უნდა დაიკითხონ.
მერაბ მორჩაძე მოწმეზე ზემოქმედების ბრალდებით არის დაკავებული. შემდეგი წიანასასამრთლო სხდომა სამ ოქტომბერს გაიმართება.