ხორავას ქუჩაზე მკვლელობის საქმეზე დროებითი საგამოძიებო კომისიის შექმნის საკითხზე პარლამენტში კონსულტაციები მიმდინარეობს
საპარლამენტო უმრავლესობის ფორმატში ხორავას ქუჩაზე მოკლული მოზარდების საქმესთან დაკავშირებით დროებითი საგამოძიებო კომისიის შექმნის მიზანშეწონილობის საკითხზე კონსულტაციები მიმდინარეობს.
პირველი არხის ინფორმაციით, ამ წუთებში აღნიშნულ საქმეზე პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე და პარლამენტის ბიუროს უმრავლესობის წარმომადგენლები შეხვედრას მართავენ.
შეხვედრა დახურულ კარს მიღმა მიმდინარეობს. უმრავლესობის წარმომადგენლები იმის თაობაზე მსჯელობენ, უნდა შეიქმნას თუ არა დროებითი საგამოძიებო კომისია. კომისიის შექმნის საკითხი დღის წესრიგში საპარლამენტო უმცირესობამ დასვა, რასაც მხარს უმრავლესობის რამდენიმე წევრი უჭერს.
თბილისის საქალაქო სასამართლომ დღეს გამამტყუნებელი განაჩენი დაადგინა ხორავას ქუჩაზე მომხდარ არასრულწლოვანთა მკვლელობის საქმეზე ბრალდებული ორივე პირის მიმართ.
სასამართლოს განაჩენით, გ.ბ. რომელსაც ბრალი ედებოდა არასრულწლოვან ლევან დადუნაშვილის, ასევე არასრულწლოვან დავით სარალიძის განზრახ მკვლელობაში, ცნობილი იქნა დამნაშავედ მხოლოდ ლევან დადუნაშვილის მკვლელობის ეპიზოდში, ხოლო სრულად გამართლდა არასრულწლოვან დავით სარალიძის მკვლელობის ეპიზოდში.
რაც შეეხება ბრალდებულ გ.ჯ. -ს, რომელსაც პროკურატურა დავით სარალიძის განზრახ მკვლელობას ედავებოდა, გ.ჯ.-ის მიერ ჩადენილი დანაშაული სასამართლოს მიერ დაკვალიფიცირდა, როგორც დავით სარალიძის მკვლელობის მცდელობა დამამძიმებელ გარემოებაში.
ხორავას ქუჩაზე ორი მოზარდი 2017 წლის პირველ დეკემბერს დაჭრეს. ერთი მოზარდი საავადმყოფოში მიყვანამდე გარდაიცვალა, მეორე კი, ექიმების მცდელობისა და რამდენიმე ოპერაციის მიუხედავად, 2 დეკემბერს საავადმყოფოში დაიღუპა.