ხორავას ქუჩაზე მკვლელობის საქმეზე დაკავებული სამი პირიდან ერთი მოსწავლეთა მშობელია
თბილისში, ხორავას ქუჩაზე განზრახ მკვლელობის საქმეზე დღეს დაკავებულ სამ პირს დანაშაულის დაფარვა ედება ბრალად.
შს სამინისტროს ინფორმაციით, დაკავებულ თ.კ.-სთვის, ასევე, მისი შვილებისთვის ცნობილი გახდა, რომ არასრულწლოვანმა გ.ჯ.-მ განსაკუთრებით მძიმე დანაშაული ჩაიდინა, რაც სამართალდამცველებს არ შეატყობინა. შესაბამისად, მოქალაქე თ.კ. დანაშაულის დაფარვისთვის დაკავებულია.
ამასთან, როგორც შსს-ს ინფორმაციაშია აღნიშნული, არ არის გამორიცხული, რომ საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, გაიზარდოს დანაშაულის დაფარვისა და შეუტყობინებლობისთვის სისხლის სამართლის პასუხისგებაში მისაცემ პირთა წრე.
„თბილისის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, 2017 წლის 1 დეკემბერს თბილისში, ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის ფაქტთან დაკავშირებით ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, 4 დეკემბერს, გამთენიისას დააკავეს მოქალაქეები თ.კ., გ.შ. და ზ.წ.
გამოძიებამ დაადგინა, რომ თ.კ.-სთვის, ასევე, მისი შვილების – ლ.კ.-სა და მ.კ.-სთვის ცნობილი გახდა, რომ 2001 წელს დაბადებულმა, არასრულწლოვანმა გ.ჯ.-მ განსაკუთრებით მძიმე დანაშაული ჩაიდინა, რაც სამართალდამცველებს არ შეატყობინა. შესაბამისად, მოქალაქე თ.კ. დაკავებულია დანაშაულის დაფარვისთვის.
რაც შეეხება მოქალაქეებს – ლ.კ.-ს და მ.კ.-ს, მათ მიმართ მიმდინარეობს საგამოძიებო მოქმედებები და შესაძლოა, გაიზარდოს დანაშაულის დაფარვისა და შეუტყობინებლობისთვის სისხლის სამართლის პასუხისგებაში მისაცემ პირთა წრე.
ზემოაღნიშნულის გარდა, გამოძიებამ, ასევე, დაადგინა, რომ მოქალაქეებმა – გ.შ-მ და ზ.წ.-მ ხელი შეუწყეს არასრულწლოვანი გ.ჯ.-ს მიმალვას. შესაბამისად, მოქალაქეები გ.შ. და ზ.წ. დაკავებული არიან დანაშაულის დაფარვისთვის.
შინაგან საქმეთა სამინისტრო აგრძელებს ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის ფაქტთან დაკავშირებით ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო ღონისძიებებს”, – აღნიშნულია შსს-ს ინფორმაციაში.