შინაგან საქმეთა სამინისტროს იმერეთის, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ცხელ კვალზე ჩატარებული ოპერატიულ-საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ქურდობის ბრალდებით ერთი პირი დააკავეს.
შსს-ს ინფორმაციით, დაკავებული წარსულში ქურდობისთვის არის ნასამართლევი და პირობითი მსჯავრის ქვეშ იმყოფებოდა.
უწყების ცნობით, გამოძიებამ დაადგინა, რომ ბრალდებულმა მიმდინარე წლის 3 თებერვალს ხონში, მოქალაქის კუთვნილი მაღაზიიდან 1200 ლარი მოიპარა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. პოლიციამ ის მომხდარიდან მალევე დააკავა. სამართალდამცველებმა ნაქურდალი თანხის ნაწილი ნივთმტკიცებად ამოიღეს. დაკავებული ჩადენილ დანაშაულს აღიარებს. დანაშაული სამიდან ხუთ წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
გამოძიება მიმდინარეობს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის “ა” ქვეპუნქტით, ქურდობის ფაქტზე, რომელმაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია.