ხობში აფეთქების შედეგად დაშავებულები ზუგდიდის საავადმყოფოში გიორგი გახარიამ მოინახულა
ხობის რაიონში აფეთქების შედეგად დაშავებულები ზუგდიდის რეფერალურ ჰოსპიტალში შს მინისტრმა გიორგი გახარიამ მოინახულა.
როგორც მინისტრმა ჟურნალისტებთან საუბრისას აღნიშნა, დაშავებულია შვიდი ადამიანი, რომლებიც ერთი ოჯახის წევრები არიან. გახარიას თქმით, მათი მდგომარეობა მძიმეა.
შს მინისტრის ინფორმაციით, რეანომობილები თბილისიდან გამოძახებულია და ხუთ პაციენტს თბილისში გადაიყვანენ.
„არ მქონდა საკმარისი დრო იმისთვის, ზუსტად გამერკვია რა მოხდა. რაც შეეხება მდგომარეობას, მძიმეა, ვესაუბრეთ თბილისსაც, რეანომობილები გამოძახებულია. სულ დაშავებულია შვიდი ადამიანი. ერთი ოჯახის წევრები. ვესაუბრე ოჯახის მამას, რომელიც ყველაზე მსუბუქ მდგომარეობაშია და ფაქტობრივად, არაფერი სჭირს. როგორც ჩანს, აერიათ და დიზელის ნაცვლად იხმარეს ბენზინი, რამაც გამოიწვია აფეთქება.
ვფიქრობ, რომ ჩვენი მედიცინა, „ევექსიც“ და ჯანდაცვის სამინისტროც, მაქსიმუმს აკეთებენ იმისთვის, რომ ოჯახის ყველა წევრი გადავარჩინოთ. შვიდივე გადაყვანას არ საჭიროებს. პირველ რიგში, ზუგდიდიდან გადასაყვანია სამი პაციენტი, და ორი პაციენტი ხობიდან. ვფიქრობ, შედეგი გვექნება მაქსიმალურად დადებითი, რომ ოჯახი დაუბრუნდეს ნორმალურ ცხოვრებას“,- განაცხადა გიორგი გახარიამ.
ხობის რაიონის სოფელ ხეთაში, საცხოვრებელ სახლში აფეთქების შედეგად შვიდი ადამიანი, მათ შორის არასრულწლოვნები დაშავდნენ.