ხმაურის დასაშვები ნორმების გადამეტებასა და ღამის საათებში პიროტექნიკის გამოყენებაზე ზედამხედველობას 2019 წლის პირველ აპრილამდე შსს გააგრძელებს
საცხოვრებელ სახლში, კერძო საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების ან საზოგადოებრივი/საჯარო დაწესებულების შენობაში აკუსტიკური ხმაურის დასაშვები ნორმების გადამეტებისა და ღამის საათებში პიროტექნიკული ნაკეთობის გამოყენებისათვის დადგენილი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი პასუხისმგებლობის დაკისრების უფლებამოსილება ერთი წლის განმავლობაში ისევ შინაგან საქმეთა სამინისტროს ექნება.
შესაბამისი ცვლილებები „ადმინისტრაციულ-სამართალდარღვევათა კოდექსში“ შედის, რომლის ავტორებიც საპარლამენტო უმრავლესობის წევრები ეკა ბესელია და ლევან გოგიჩაიშვილი არიან.
კანონპროექტის განმარტებით ბარათში აღნიშნულია, რომ ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებმა კანონის დადგენილ ვადაში – „2019 წლის პირველ აპრილამდე შესაბამისი სტრუქტურული ერთეულის განსაზღვრა, ორგანიზაციულ, საკადრო და სხვა შესაბამისი ფინანსურ-მატერიალური ღონისძიებების განხორციელება ვერ მოასწრეს, რომ შსს-გან გადმოებარებინათ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი პასუხისმგებლობის დაკისრების ფუნქცია, რის გამოც წარმოიშვა შსს-ს ორგანოებისათვის დაკისრებული ამ ფუნქციის ვადის ერთი წლით – 2019 წლის პირველ აპრილამდე გაგრძელების აუცილებლობა“, – აღნიშნულია კანონპროექტის განმარტებით ბარათში.
აღნიშნული ცვლილების ინიცირება ბიუროს დღევანდელ სხდომაზე მოხდა.