ხმა მიეცი საქართველოს საბავშვო ევროვიზიაზე - ხმის მიცემა დაწყებულია
საქართველოს წარმომადგენელი ანდრია ფუტკარაძე საბავშვო ევროვიზიის სცენაზე 16 ნოემბერს მე-9 ნომრად წარდგება. კონკურსი თბილისის დროით 21:00 საათზე დაიწყება. ქართველი კონკურსანტი სიმღერას To My Mom – „დედას“ შეასრულებს.
ხმის მიცემა უკვე დაიწყო. ხმის მისაცემად უნდა ეწვიოთ ბმულს.
საქართველოს წარმომადგენლისთვის ხმის მიცემა შესაძლებელია საქართველოდან და მსოფლიოს ნებისმიერი ქვეყნიდან. ამისთვის საჭიროა, უყუროთ მოკლე ვიდეოკოლაჟს, აირჩიოთ საქართველო და კიდევ ორი ნებისმიერი ქვეყანა, დააჭიროთ ღილაკს VOTE. ხმის მიცემის დროს უნდა შეასრულოთ მარტივი მათემატიკური მოქმედება.
წლევანდელ კონკურსში, რომელიც მადრიდში გაიმართება, 17 ქვეყანა მიიღებს მონაწილეობას.
გამომსვლელთა რიგითობა ასეთია: იტალია, ესტონეთი, ალბანეთი, სომხეთი, კვიპროსი, საფრანგეთი, ჩრდილოეთ მაკედონია, პოლონეთი, საქართველო, ესპანეთი, გერმანია, ნიდერლანდები, სან მარინო, უკრაინა, პორტუგალია, ირლანდია და მალტა.
ქართველი კონკურსანტის სიმღერის ავტორი გიგა კუხიანიძეა, მასთან ერთად ტექსტზე მაკა დავითაიამ იმუშავა.
ვიდეორგოლი საზოგადოებრივმა მაუწყებელმა გადაიღო; კოსტიუმი კი იზა ნადარეიშვილს ეკუთვნის.