მთა-თუშეთში დაშავებული 72 წლის ტურისტის დასახმარებლად სამაშველო ოპერაცია ჩატარდა
შინაგან საქმეთა სამინისტროს გადაუდებელი დახმარების ოპერატიულ მართვის ცენტრ „112“-ში შევიდა ინფორმაცია, რომ მთა-თუშეთიდან ხევსურეთის მიმართულებით, უღელტეხილისკენ მიმავალ სალაშქრო ბილიკზე ველოსიპედიდან გადავარდა ტურისტი, სლოვენიის მოქალაქე 72 წლის მამაკაცი, რომელსაც აღენიშნებოდა მოტეხილობები.
ინფორმაციას საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური ავრცელებს.
დაშავებულ ტურისტთან ერთად იმყოფებოდნენ საფრანგეთის ორი, ისრაელის ერთი და სლოვენიის ერთი მოქალაქე, რომლებიც დაშავებულს მეთვალყურეობას უწევდნენ.
როგორც საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში აცხადებენ, შემთხვევის ადგილზე დაუყოვნებლივ გავიდა ომალოში განლაგებული სამაშველო დანაყოფის მეხანძრე-მაშველები. ადგილზე მისვლის შემდეგ შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაცების მართვის მაშველებმა დაშავებულის მდგომარეობა შეაფასეს.
საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ცნობით, ტრავმების სიმძიმის, რთული რელიეფის და დიდი დისტანციის გამო დაშავებულის ქვეითად გადმოყვანა შეუძლებელი იყო. აღნიშნულიდან გამომდინარე საჭირო გახდა სამაშველო ოპერაციაში ვერტმფრენის ჩართვა, თუმცა ველო-ტურში მყოფი ტურისტები სადაზღვევო პაკეტით სარგებლობდნენ, რის გამოც მათ კერძო ვერტმფრენის გამოძახების გადაწყვეტილება მიიღეს.
„დაშავებული ტურისტი თელავის აეროპორტიდან სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადამ თელავის რეფერალურ საავადმყოფოში გადაიყვანა, სადაც მას შესაბამისი მკურნალობა უტარდება.
უღელტეხილზე დარჩენილი ტურისტები გზას უსაფრთხო ადგილამდე შინაგან საქმეთა სამინისტროს მაშველების მეთვალყურეობის ქვეშ აგრძელებენ“, – აცხადებენ საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში.