ხერტ იან კოოპმანი - ვფიქრობ, თბილისში ძალიან დაძაბული გარემოა, არის ესკალაცია და პოლარიზაცია, მოვუწოდებ ყველას, შეამცირონ ტემპერატურა, ეს ძალიან არაჯანსაღია
„გამჭვირვალობის შესახებ“ კანონი, რომელიც მეორე მოსმენით მიიღეს, არსებული სახით მიუღებელია და შექმნის ძალიან სერიოზულ დაბრკოლებებს ევროკავშირში გაწევრიანების გზაზე, – ამის შესახებ სამეზობლოსა და გაფართოების შესახებ მოლაპარაკებების საკითხებში ევროკომისიის გენერალურმა დირექტორმა, ხერტ იან კოოპმანმა განაცხადა.
მისივე თქმით, ამავდროულად, ჯერ შეზღუდულია პროგრესი ცხრა ნაბიჯთან დაკავშირებით, რაც ასევე არ არის კარგი, თუმცა ჯერ კიდევ არის დრო.
„ჩვენ ორი დღე მთავრობასთან, პრეზიდენტთან, პრემიერ-მინისტრთან საუბარში გავატარეთ. ასევე, ცხადია, ვესაუბრეთ ოპოზიციას, სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებს. უნდა ვთქვა, რომ ვითარება ძალიან შემაშფოთებელია. თბილისის ქუჩებში ძალადობა ხდება. ჩვენ, რა თქმა უნდა, ვგმობთ თბილისის ქუჩებში ძალადობას. ჩვენმა პრეზიდენტმა ძალიან მკაფიოდ განაცხადა. კანონმდებლობასთან დაკავშირებით შემაშფოთებელი მოვლენები ხდება. „გამჭვირვალობის შესახებ“ კანონი, რომელიც მეორე მოსმენით მიიღეს, არსებული სახით მიუღებელია და შექმნის ძალიან სერიოზულ დაბრკოლებებს ევროკავშირში გაწევრიანების გზაზე.
ამავდროულად, პროგრესი ცხრა ნაბიჯთან დაკავშირებით ჯერ შეზღუდულია, რაც ასევე არ არის კარგი. თუმცა ჯერ კიდევ არის დრო. ჩვენ მოვამზადებთ რეკომენდაციებს სექტემბერში, გამოვაქვეყნებთ ანგარიშს ოქტომბერსა და ნოემბერში. ასე რომ, ჯერ კიდევ არის დრო, ბურთი ძალიან მტკიცედ არის მთავრობის მოედანზე. ჩემი კარი ყოველთვის ღიაა. კომისია აქ არის, რათა იმუშაოს კანდიდატ ქვეყნებთან. ვიცი, რომ ქართველ ხალხს სურს, მიუახლოვდეს ევროკავშირს და მჯერა, რომ მათ მთავრობასაც ასევე სურს ეს. ვგრძნობ ამას. ასე რომ, ვიმედოვნებ, ამ საფუძველზე დღევანდელი ძალიან რთული ვითარების მოგვარება შესაძლებელია. და, რა თქმა უნდა, ვიმედოვნებ, რომ, საბოლოო ჯამში, საქართველოს მთავრობამ უნდა გადადგას ნაბიჯი წინ“, – აღნიშნა ხერტ იან კოოპმანმა.
როგორც კოოპმანმა აღნიშნა, ეს კანონი არ არის თავსებადი ევროპულ ღირებულებებთან.
„ძალიან მკაფიოდ ვთქვი, რომ ეს კანონი პრობლემურია გაწევრიანების გზაზე. როგორც ვიცი, ის მეორე მოსმენით მიიღეს, უნდა იყოს მესამე მოსმენაც, რასაც მოჰყვება პრეზიდენტის ვეტო. ვფიქრობ, დრო, რომელიც წინაა, გამოყენებულ უნდა იქნეს კანონზე არსებითი დისკუსიისთვის. არსებული სახით ის მკაფიოდ მიუღებელია ჩვენთვის. ეს არ არის თავსებადი ევროპულ ღირებულებებთან, თუმცა გამჭვირვალობა, როგორც ღირებულება, რა თქმა უნდა, კარგია. ჩვენ ევროპაში ვქადაგებთ გამჭვირვალობას. ვიმედოვნებ, ეს კანონი არსებული სახით არ იქნება მიღებული და ვიმედოვნებ, რომ შეიძლება, დაიხვეწოს. ვფიქრობ, ქუჩებში ამდენი ხალხის ნახვა საზოგადოებაში სტრესის ძალიან მკაფიო სიგნალია. ძალადობა ყოველთვის ცუდია. ჩვენ შეშფოთებული ვართ ამით.
ევროკავშირმა წარადგინა დირექტივა დემოკრატიულ ქვეყანაში გამჭვირვალობის შესახებ ევროკავშირის კანონზე, რომელიც ძალიან განსხვავებული ტიპის კანონია. თუმცა, როგორც აღვნიშნე, ჩვენ მხარს ვუჭერთ დემოკრატიასა და გამჭვირვალობას. კანონი მიზნად არ ისახავს საზოგადოებაში კონკრეტული აქტორების იდენტიფიცირებას და ის, რა თქმა უნდა, არ განსაზღვრავს მათ უცხოური წყაროების ინტერესებზე მომუშვეებად, როდესაც ისინი დაფინანსებას იღებენ უცხოური წყაროებიდან. ასე რომ, ეს ყველაფერი ძალიან განსხვავებულია. თუ არსებული სახით კანონს მიიღებენ, ეს ძალიან პრობლემური იქნება. ვფიქრობ, ძალიან დაძაბული გარემოა თბილისში, არის ესკალაცია და პოლარიზაცია. მოვუწოდებ ყველას, შეამცირონ ტემპერატურა. ეს ძალიან არაჯანსაღია“, – აღნიშნა სამეზობლოსა და გაფართოების შესახებ მოლაპარაკებების საკითხებში ევროკომისიის გენერალურმა დირექტორმა.