ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის სოფელ ჯოჭოში, სადაც მეწყერის ჩამოწოლის შედეგად რამდენიმე ადამიანი გარდაიცვალა, გეოლოგთა ჯგუფი იმყოფება.
საინჟინრო-გეოლოგიური აკადემიის წევრი ტარიელ ტუსკია აცხადებს, რომ ჯოჭოში ტრაგედიის ადგილი შესწავლილი არ ყოფილა.
მისივე თქმით, აღნიშნული ადგილის შესწავლის თაობაზე არც რაიმე განაცხადი ყოფილა შესული, თუმცა სოფელში რამდენიმე მეწყერსაშიში კერაა, რაზეც კონკრეტული რეკომენდაციებია გაცემული.
ტარიელ ტუსკიას განცხადებით, მეწყერი სოფელ ჯოჭოში უეცრად მოსულმა უხვმა ნალექმა გამოწვია.
„ტერიტორია დავათვალიერეთ. წყლის დინებისგან ფაქტობრივად, ღრმულებია გაჩენილი. ზოგადად, აჭარა არის ეროზიულად აქტიური ზონა და საქართველოს ყველა რეგიონთან შედარებით, ყველაზე რთული რელიეფი აქვს. ეს რელიეფი იმდენად რთულია, რომ პრაქტიკულად შეუძლებელია, წინასწარ განსაზღვრო ეროზიული პროცესების აქტიურობა და მით უმეტეს, სტიქიური მოვლენები. ანალოგიური შემთხვევა ჩვენ 2008 წელს გვქონდა, როცა ორთაბათუმში მეწყერმა შვიდი ადამიანი ჩაიყოლა”, – განაცხადა ტარიელ ტუსკიამ.
ხელვაჩაურში, სოფელ ჯოჭოში მაშველებმა მეწყერში მოყოლილი ოთხი ადამიანის ცხედარი იპოვეს. მათგან ორი ადამიანი მეწყერის ჩამოწოლისას მანქანაში იმყოფებოდა, ორი გარდაცვლილი კი ერთი ოჯახის წევრები არიან. მაშველები ამავე ოჯახის არასრუწლოვან წევრს ამ დრომდე ეძებენ. საძიებო სამუშაოები ასევე მიმდინარეობს მდინარე სატეხიაში, საიდანაც გადავარდნილი ავტომობილი უკვე ამოიტანეს, ხოლო მისი მძღოლი დაკარგულია.