ხელვაჩაურში მაშველებმა მეწყერში მოყოლილი ორი ადამიანი გარდაცვლილი იპოვეს

აჭარაში, ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტში მაშველებმა მეწყერში მოყოლილი ორი ადამიანი გარდაცვლილი იპოვეს.

სოფელ ქვედა ჯოჭოში გუშინ მეწყერმა ავტომობილი მოიყოლა, რომელშიც ორი მგზავრი იჯდა.

ამასთან, საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმაციით, მეწყერმა საცხოვრებელი სახლიც წაიღო და 120 მეხანძრე-მაშველი დაახლოებით 40 000 ტონა მეწყრულ მასაში მოყოლილ მოქალაქეებს ამ დრომდე ეძებს.

უწყების ცნობით, გვიან ღამით, აჭარაში სპეციალური აღჭურვილობით ჩავიდნენ დამხმარე ძალები სამეგრელოდან, იმერეთიდან, თბილისიდან და 60 მეხანძრე-მაშველი სამუშაოებში ჩაერთო. ასევე, 2 ოქტომბერს, დილით, 50-კაციანი ჯგუფი შესაბამისი აღჭურვილობით დაიძრა თბილისიდან.

აჭარაში მოსული უხვი ნალექის გამო, საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრ „112“-ში 440 შეტყობინება შევიდა. შეტყობინებების უმრავლესობა ეხება დატბორილ ქუჩებს, საცხოვრებელი სახლების პირველ სართულებს, ეზოებს და სარდაფებს. რამდენიმე ადგილას, გზაზე, ჩამოწოლილია მიწის მასა, ჩახერგილია გზა, ადიდებულია მდინარეები და ღელეები.