ხელვაჩაურის სოფელ სალიბაურში სასმელი წყლის პრობლემის მოგვარების მოთხოვნით აქცია იმართება
ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის სოფელ სალიბაურში საპროტესტო აქცია მიმდინარეობს. ადგილობრივები სასმელი წყლის პრობლემის მოგვარებას ითხოვენ.
„ერთი თვეა, საერთოდ შეწყდა წყალი, მანამდეც ხან დილით მოდიოდა, ხან საღამოს. დედა ქალაქში ცხოვრობს და ბავშვები იქ დამყავს. ეს 40 წლის პრობლემაა, ხელვაჩაურის მერმა ჯუმბერ ვარდმანიძემ ტელეფონი გათიშა“, – აცხადებს მადონა რიჟვაძე.
როგორც ადგილიდან პირველი არხის ჟურნალისტი იუწყება, მოსახლეობას სოფლის ცენტრალური გზა აქვს გადაკეტილი და ადგილზე პოლიცია იმყოფება. აქციის მონაწილეები აცხადებენ, რომ აქცია იქამდე არ დაიშლება, ვიდრე მერიის წარმომადგენლები ადგილზე მიზეზებს არ განუმარტავენ.
„წყლის დებეტი შემცირდა, ყოველ დღე ვამოწმებ რეზერვუარს. სიცხეების გამო წყალი არ მოდის. მოსახლეობა მრავლდება, წელს თოვლიც არ მოვიდა მთაში, ამიტომ შეიქმნა პრობლემა. ხვალ დილიდან გრაფიკით აღვადგენთ წყალს“, – განაცხადა სალიბაურში მერის რწმუნებულმა გელა ცინცქილაძემ.
ამასთან, ადგილზე მივიდა ხელვაჩაურის საკრებულოს წევრი „ნაციონალური მოძრაობიდან“ მიშა ბოლქვაძე. მისი განცხადებით, ორი წლის წინ სალიბაურის წყალმომარაგებისთვის 5 მილიონი ლარი დაიხარჯა, თუმცა სასმელი წყლის პრობლემა, უხარისხოდ შესრულებული სამუშაოების გამო, ვერ მოგვარდა. მიშა ბოლქვაძე ხელვაჩაურის მერს კორუფციულ გარიგებებში ადანაშაულებს.