ხელვაჩაურის სოფელ ჯოჭოში მაშველებმა მეწყერში მოყოლილი კიდევ ერთი ადამიანი გარდაცვლილი იპოვეს
აჭარაში, ხელვაჩაურის სოფელ ჯოჭოში მაშველებმა მეწყერში მოყოლილი კიდევ ერთი ადამიანი გარდაცვლილი იპოვეს. მეწყრული მასიდან მათ ქალი ამოიყვანეს, რომელიც მეუღლესთან და შვილთან ერთად სახლში იმყოფებოდა.
საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმაციით, მაშველები მამაკაცსა და არასრულწლოვანს ეძებენ.
ამასთან, მაშველებმა დღეს მეწყერში მოყოლილი ორი ადამიანი გარდაცვლილი იპოვეს. ისინი იმ მანქანაში იმყოფებოდნენ, რომელიც გუშინ მეწყერმა მოიყოლა.
უწყების ცნობით, გვიან ღამით, აჭარაში სპეციალური აღჭურვილობით ჩავიდნენ დამხმარე ძალები სამეგრელოდან, იმერეთიდან, თბილისიდან და 60 მეხანძრე-მაშველი სამუშაოებში ჩაერთო. ასევე, 2 ოქტომბერს, დილით, 50-კაციანი ჯგუფი შესაბამისი აღჭურვილობით დაიძრა თბილისიდან.