ხელვაჩაურში, სოფელ ახალშენში ძლიერმა ქარმა ხე მოგლიჯა. კვიპაროსის ხე ერთ-ერთ საცხოვრებელ სახლს დაეცა და სოფლის გზა გადაკეტა. შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა.
„შემთხვევა დაახლოებით 07:00 საათზე მოხდა, დაზიანდა სახლი, გზა გადაკეტილია, სოფლის ნაწილს შუქი არ მიეწოდება. ადგილობრივები დაუკავშირდნენ ხელვაჩაურის მერიას, თუმცა ამ დრომდე არავინ გამოჩენილა“, – განაცხადა ხელვაჩაურის საკრებულოს წევრმა „ნაციონალური მოძრაობიდან“ მიშა ბოლქვაძემ, რომელიც ადგილზე იმყოფება.
ხელვაჩაურის მერი ჯუმბერ ვარდმანიძე აცხადებს, რომ დეპუტატი შემთხვევის ადგილთან ახლოს ცხოვრობს და ამიტომ აღმოჩნდა ის ადგილზე პირველად. მისი თქმით, გაწმენდითი სამუშაოები უკვე მიმდინარეობს.
„ადგილზე იმყოფებიან მერიის, საგზაო დეპარტამენტის, გარემოს დაცვის სამმართველოს თანამშრომლები. უყურადღებოდ არ დაგვიტოვებია. მალე დაიხერხება წაქცეული ხე და გზაც გაიხსნება“, – განაცხადა ხელვაჩაურის მერმა, ჯუმბერ ვარდმანიძემ.