ხელვაჩაურის საკრებულოს ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობის“ ყოფილი თავმჯდომარე - დაჟინებით მთხოვდნენ, საკრებულო დამეტოვებინა, დაახლოებით ერთი თვე ველოდებოდი, დაშოშმინდებოდნენ
სპეციალურ საგამოძიებო სამსახურში ხელვაჩაურის საკრებულოს ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობის“ ყოფილი თავმჯდომარის მალხაზ თავდგირიძის გამოკითხვა დასრულდა.
როგორც გამოკითხვის შემდეგ მალხაზ თავდგირიძემ ჟურნალისტებს განუცხადა, განჩინების საფუძველზე ტელეფონიდან ინფორმაცია ამოიღეს.
„დღეს განჩინებით ჩემი ტელეფონიდან ამოიღეს ინფორმაცია, რაზეც ვისაუბრე. პირადი მიმოწერა უკანონოდ იქნა მოპოვებული და გასაჯაროებული მესამე პირებზე, ეს არის წითელი ზღვარი. ამიტომ უნდა დამეტოვებინა საკრებულო და ფაქტია, ასევე დავტობებდი ფრაქციის თავმჯდომარის პოსტს ხელვაჩაურის საკებულოში. ვთქვი, თანამდებობის დატოვება არ იქნებოდა პრობლემა, უბრალოდ საკრებულოში დავრჩებოდი. დაჟინებული მოთხოვნა იყო, საკრებულო დამეტოვებინა. დაახლოებით ერთი თვის განმავლობაში ველოდებოდი, რომ დაშოშმინდებოდნენ. ვინც ითხოვდა, ისინი გუშინ დაბარებული იყვნენ საგამოძიებო ორგანოში. პირად მიმოწერაში ვიღაცის მიმართ კრიტიკული მოსაზრება მქონდა. ჩემი ნებართვის გარეშე აღმოჩნდა მათთან. განმარტება მათ უნდა გააკეთონ“, – განაცხადა თავდგირიძემ.
ამასთან, მალხაზ თავდგირიძე აცხადებს, რომ მას „ნაციონალური მოძრაობის“ ადგილობრივი ლიდერები ელგუჯა ბაგრატიონი და მამუკა ჯევაიში სუს-თან თანამშრომლობაში ადანაშაულებენ. თავდგირიძის განცხადებით, ეს სიბინძურის ნიაღვარია.
„2018 წლიდან ამ პარტიაში ვარ და სამწუხაროა, ამდენი ხნის განმავლობაში ვერ მიხვდნენ, სუს-თან თუ ვთანამშრომლობდი? საერთოდ რა ბრალდებაა. ჩვეულებრივი ნარატივი და იმ სიბინძურის ნიაღვარია, რაც ჩემ მიმართ წამოვა. ამაზე უარესებსაც წამოვა. ამაზრზენია, ასეთი რაღაც უწოდო ადამიანს. „ნაციონალურ მოძრაობას“ ყოველდღიურად კიდევ ბევრი წევრი დატოვებს“, – განაცხადა თავდგირიძემ.
ხელვაჩაურის საკრებულოს ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ მალხაზ თავდგირიძემ თავმჯდომარის პოსტი და პარტია „ნაციონალური მოძრაობა“ დატოვა. მალხაზ თავდგირიძის განცხადებით, ამის მიზეზი გახდა შანტაჟი, რომელსაც მის მიმართ თანაპარტიელები და პარტიის ადგილობრივი ლიდერები ახორციელებდნენ.
ამასთან, სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა „ნაციონალური მოძრაობის“ ფრაქციის თავმჯდომარის განცხადების საფუძველზე სამსახურებრივი მდგომარეობით, მისი პირადი მიმოწერის უკანონოდ გავრცელების საქმეზე გამოძიება დაიწყო.
ასევე, არსებული ინფორმაციით, გუშინ, გვიან ღამით საგამოძიებო სამსახურმა „ნაციონალური მოძრაობის“ ადგილობრივი ლიდერები ელგუჯა ბაგრატიონი და მამუკა ჯევაიში გამოკითხა.