ხელვაჩაურის რამდენიმე სოფელში მეწყერის შედეგად შვიდი საცხოვრებელი სახლი დაზიანდა
ხელვაჩაურის რამდენიმე სოფელში მეწყერის შედეგად შვიდი საცხოვრებელი სახლი დაზიანდა.
სოფელ ფერიაში ერთი სახლი მთლიანად დაინგრა, სამი კი, საცხოვრებლად უვარგისია. სტიქიას მსხვერპლი არ მოჰყოლია. დაშავდა მხოლოდ ერთი 33 წლის ქალი, რომელიც საავადმყოფოშია გადაყვანილი. მას რეფერალურ საავადმყოფოში ფეხზე ქირურგიული ოპერაცია უტარდება.
„04:00 საათზე ჩამოწვა მეწყერი, ოთახი წაიღო, ბავშვების და სხვა ოჯახის წევრების გამოყვანა მოხერხდა, ჩემი რძალი დაშავდა, ერთი წლის ბავშვი ჰყავს, გადაეფარა და კედლის ნაწილი ფეხზე დაეცა“, – ამბობს ფერიის მცხოვრები ომარი ბოლქვაძე.
ხელვაჩაურის მერის ჯუმბერ ვარდმანიძის განცხადებით, დაზარალებულ ოჯახებს ქირით გადაიყვანენ, გეოლოგების მიერ ვითარების შესწავლის შემდეგ კი გადაწყდება, რა ფორმით დაეხმარება მათ სახელმწიფო.