ხელოვნების სასახლეში რეჟისორ გიგა ლორთქიფანიძის მემორიალური ბიუსტი გაიხსნა [ფოტო]
ხელოვნების სასახლეში რეჟისორ გიგა ლორთქიფანიძის მემორიალური ბიუსტი გაიხსნა.
ბიუსტი, რომლის ავტორია მოქანდაკე თენგიზ ღვინიაშვილი, სასახლეში არსებულ „უკვდავთა ბაღში“ ათეულობით სხვა ხელოვანის ბიუსტებს შორის განთავსდა.
კულტურის მინისტრ თეა წულუკიანთან ერთად, ღონისძიებას ესწრებოდნენ რეჟისორის ოჯახის წევრები, მოსწავლეები, კოლეგები, რომლებმაც კიდევ ერთხელ გაიხსენეს რეჟისორის შემოქმედება.
როგორც თეა წულუკიანმა აღნიშნა, გიგა ლორთქიფანიძე იყო ადამიანი, რომელიც ქმნიდა ქართულ კულტურას და რომელიც დღესაც არის ნიშნული ქართულ კულტურაში.
„გიგა ლორთქიფანიძეს დღეს 95 წელი შეუსრულდებოდა. ძალიან გვეამაყება, რომ შევძელით მის მეუღლესთან, ოჯახთან თანამშრომლობით და ხელოვნების სასახლის ხელშეწყობით, ამ ხეივანში, სადაც სხვა ჩვენი დიდი ღვაწლმოსილი ქართველი ადამიანების ბიუსტებია, განგვეთავსებინა გიგა ლორთქიფანიძის ბიუსტი. მომავალმა თაობებმა, ის, ვინც ამ მუზეუმში მოდის დასათვალიერებლად, უნდა იცოდეს, რომ ეს იყო ადამიანი, რომელიც ქმნიდა ქართულ კულტურას და დღესაც არის ნიშნული ქართულ კულტურაში, მათ შორის თეატრსა და კინოში. როგორც ის ანიჭებდა ახალგაზრდების როლს დიდ მნიშვნელობას, ჩვენც დიდი ადგილი უნდა დავუთმოთ. მადლობა მინდა, გადავუხადო მოქანდაკის, თენგიზ ღვინიაშვილის ოჯახს, რომელმაც საშუალება მისცა გიგა ლორთქიფანიძის ოჯახს და ჩვენ, რომ ეს ბიუსტი ამ ხეივანში განგვეთავსებინა“, – განაცხადა თეა წულუკიანმა.
გიგა ლორთქიფანიძის მეუღლემ, ქეთევან კიკნაძემ კულტურის სამინისტროს მადლობა გადაუხადა.
„ტკივილი არ გადის. როდესაც მეუღლეს დაკარგავ ძნელია, მაგრამ დღეს ძალიან სასიხარულო დღე მაქვს. მე ვულოცავ გულშემატკივრებს, ჩემს ოჯახს. რაც მთავარია, ვულოცავ ავტორის ოჯახს, რომელმაც უანგაროდ მომიტანა ბიუსტი სახლში. არ ვიცოდი, რა გამეკეთებინა და ბოლოს გადავწყვიტე, მუზეუმში მომეტანა. დიდი მადლობა კულტურის სამინისტროს, კერძოდ, თეა წულუკიანს, გიორგი კალანდიას“, – განაცხადა გიგა ლორთქიფანიძის მეუღლემ.