ხელოვნების მუზეუმის შენობასთან დაკავშირებით საპროტესტო აქცია იმართება
თბილისში, პუშკინის სკვერში საპროტესტო აქცია იმართება.
აქციაში მონაწილეობენ კულტურის სფეროს, არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლები და პოლიტიკოსები.
აქცია შალვა მირიანაშვილის სახელობის ხელოვნების მუზეუმის შენობის საკითხს უკავშირდება.
ხელოვნების სფეროს წარმომადგენლების თქმით, მათი ძირითადი მოთხოვნებია: ხელოვნების მუზეუმის შენობის გამაგრებისა და რესტავრაციის პროექტი შეასრულონ მაღალი პროფესიული კვალიფიკაციის და შეულახავი რეპუტაციის სპეციალისტებმა; გასაჯაროვდეს სამუზეუმო ფონდებისა და ექსპონატების ევაკუაციის დეტალური გეგმა, პასუხისმგებელი პირების მითითებით, ექსპონატების დროებითი განთავსების ზუსტი ადგილი და პროცესს ჩამოშორდნენ არასათანადო კვალიფიკაციის ჩინოვნიკები; კულტურის სამინისტრომ უზრუნველყოს ხელოვნების მუზეუმთან დაკავშირებულ გადაწყვეტილებებში საზოგადოების ჩართულობა და პროცესის სრული გამჭვირვალობა.