ხელნაწერთა ეროვნულ ცენტრში ქართული პალიმფსესტების ნიმუშები გამოიფინა
საქართველოს ხელნაწერთა ეროვნულ ცენტრში რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის მიერ დაფინანსებული პროექტის „ქართული პალიმფსესტები კატალოგი-ალბომი, მონაცემთა ბაზის“ პრეზენტაცია გაიმართა.
პრეზენტაციაზე პროექტის ფარგლებში გამოცემული წიგნი „ქართული პალიმფსესტები (კატალოგი, ტექსტები, ალბომი)“ წარადგინეს. გამოფენაზე წარმოდგენილი იყო ხელნაწერთა ეროვნულ ცენტრში დაცული პალიმფსესტების უნიკალური ნიმუშები.
ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის ქართულ ხელნაწერთა ფონდში ქართული პალიმფსესტების ყველაზე დიდი რაოდენობა – 5000-მდე პალიმფსესტური ფურცელია დაცული. პროექტის მიზანს სწორედ ამ ხელნაწერების ტექსტების იდენტიფიკაცია წარმოადგენდა.
პროექტზე უფროს მეცნიერ-თანამშრომლებთან ერთად ახალგაზრდებიც მუშაობდნენ.
ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, უკვე ცნობილი ხანმეტი ტექსტების შემცველი ხელნაწერების გარდა, კატალოგზე მუშაობისას გამოვლინდა ოთხი უცნობი ფრაგმენტი, რომლებიც ასევე ხანმეტ ტექსტებს შეიცავს. ხელნაწერთა ერთ ნაწილში გამოიკვეთა ერთმანეთისაგან სრულიად განსხვავებული, თავისებური ნუსხურით შესრულებული ხელნაწერები. ძველი ქართული მწერლობით დაინტერესებული მკითხველისათვის განსაკუთრებით საინტერესო იქნება პალიმფსესტებში დაცული ჰომილეტიკური და ჰაგიოგრაფიული ტექსტები.