კორნელი კეკელიძის სახელობის საქართველოს ხელნაწერთა ეროვნულ ცენტრში, ოკუპაციის კვირეულის ფარგლებში, გამოფენა „საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკა-პერსონები საარქივო დოკუმენტებიდან“ გაიხსნა.
ექსპოზიციის ფარგლებში, საზოგადოებას საშუალება ექნება, დაათვალიეროს გამოფენა, რომელიც მომზადებულია ცენტრის კოლექციებში დაცული უნიკალური არქივების საფუძველზე.
ოკუპაციის კვირეულის ფარგლებში წარმოდგენილია საარქივო დოკუმენტები, ემიგრანტული პრესა, მემორიალური ნივთები და აუდიომასალა შერჩეულია ერთი ნიშნით: ექსპონატები ასახავს საქართველოს მთავრობის წევრებთან დაკავშირებულ მიმოწერას, ოფიციალურ დოკუმენტებს, ბიოგრაფიულ ცნობებსა თუ მათ პირად ნივთებს.
ექსპოზიციაზე წარმოდგენილია ასევე მთავრობის ხელმძღვანელის, ნოე ჟორდანიას ავტოგრაფები და მასთან დაკავშირებული წერილები, ლევილის არქივი, საქართველოს იუსტიციის მინისტრის, რაჟდენ არსენიძის აუდიოჩანაწერი, საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის სიმბოლოები: დროშა, გერბი, ფულის ერთეულები და მარკები.
გამოფენა მოიცავს საგანმანათლებლო პროგრამასაც.
ექსპოზიცია საგამოფენო დარბაზში ერთი კვირის განმავლობაში დარჩება.