„ხელისუფლების ინტერესებშია, ანტიტერორისტულ სპეცოპერაციაზე საზოგადოებამ ამომწურავი ინფორმაცია მიიღოს“ 
„ხელისუფლების ინტერესებშია, ანტიტერორისტულ სპეცოპერაციაზე საზოგადოებამ ამომწურავი ინფორმაცია მიიღოს“ 

პარლამენტის თავდაცვის კომიტეტის თავმჯდომარის, ირაკლი სესიაშვილის განცხადებით, ნდობის ჯგუფის ფორმატში მსჯელობა ბერი გაბრიელის ქუჩაზე ჩატარებულ სპეცოპერაციასთან დაკავშირებით მიმდინარე გამოძიებაზე გაიმართება.

როგორც პირველ არხს სესიაშვილმა განუცხადა, გამოძიების მიმდინარეობასთან დაკავშირებით უსაფრთხოების სამსახურის ხელმძღვანელს ვახტან გომელაურს მოუსმენენ, რომელიც დეპუტატებს პირველად ინფორმაციას მიაწვდის.

“წინასწარ მსჯელობა, თუ რა სახის ინფორმაცია შეიძლება გახდეს საჯარო, არასწორი იქნება, თუმცა იქედან გამომდინარე, რა პასუხებს მივიღებთ, შეგვიძლია, მეტ-ნაკლებად ვიმსჯელოთ იმაზე, საზოგადოებისთვის რა შეიძლება ცნობილი გახდეს. იქედან გამომდინარე, რომ ხელისუფლების ინტერესებშია საზოგადოებამ ამ ფაქტთან დაკავშირებით ამომწურავი ინფორმაცია მიიღოს, საზოგადოებას ინფორმაცია ეტაპობრივად მიეწოდება. მთავარია, საზოგადოება დარწმუნდეს, რომ გამოძიება ობიექტურად წარიმართა და ყველა კითხვას პასუხი გაეცა”, – განაცხადა სესიაშვილმა.

ნდობის ჯგუფის სხდომა დღეს გაიმართება, რომელსაც სუს-ს ხელმძღვანელი ვახტანგ გომელაური დაესწრება.