ხელბურთი | საქართველოს ეროვნული ნაკრები მონტენეგროსთან ორ ამხანაგურ მატჩს ჩაატარებს #1TVSPORT
საქართველოს ხელბურთელ ვაჟთა ეროვნული ნაკრები EHF-ის კვირეულის ფარგლებში მონტენეგროსთან, რომელიც ევროპის ჩემპიონატზე მეთოთხმეტე ადგილზე გავიდა, ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს. შეხვედრები 15 და 16 მარტს პოდგორიცაში გაიმართება.
მოახლოებულ შეხვედრებში საქართველოს ნაკრებს რამდენიმე მოთამაშე დააკლდება – კაპიტანი თეიმურაზ ორჯონიკიძე, გიორგი ცხოვრებაძე, მირიან გავაშელიშვილი და სანდრო დარსანია შეხვედრას ტრავმის გამო გამოტოვებენ, ნაკრებს, დიდი ხანია, ვერ ეხმარება ნიკოლოზ კალანდაძე, რომელიც რეაბილიტაციის პროცესს გადის.
საქართველოს ნაკრებში დებიუტი ექნებათ გიგა მელიავას, რომელიც სერბული „პროლეტერის“ რიგებს იცავს, გიორგი ახალბედაშვილს, ის გორიდან ბერძნულ „პანელინიოსში“ გადავიდა და საბერძნეთის თასის ნახევარფინალში ექვსი გოლი გაიტანა, და გიორგი გრიშიკაშვილს, რომლის გუნდი („დიომიდისი“) საბერძნეთის ჩემპიონატში მესამე ადგილისთვის იბრძვის.
საქართველოს ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა, ტიტე კლანდაძემ ორი მოთამაშე საქართველოს ეროვნული ჩემპიონატიდანაც გამოიძახა – ეროვნულ გუნდში პირველად ითამაშებენ დავით გრიშიკაშვილი („პეგასი“) და ვახტანგ ხელისუფალი („სამტრედია“) – ორივე მათგანის გუნდს ფინალური ოთხეულის საგზური თითქმის განაღდებული აქვს.
საქართველოს ნაკრების შემადგენლობა:
მეკარეები: ზურაბ ცინცაძე („აზოტი პუვავი“, პოლონეთი); დავით ნიქაბაძე („სარასტოვი“, რუსეთი)
მოედნის მოთამაშეები: ერეკლე არსენაშვილი („პუენტე ხენილი“, ესპანეთი), ირაკლი კბილაშვილი („პოტაისა ტურდა“, რუმინეთი), გიორგი დიხამინჯია („ლოვოსიცე“, ჩეხეთი), ხაზეინ რუსტამოვი („ისკრა ბუგოჯნო“, ბოსნია-ჰერცეგოვინა), ზურაბ გოგავა („კოტბუსი“, გერმანია), გიორგი არეშიძე („ტიმიშოარა“, რუმინეთი), გიგა მელიავა („პროლეტერი“, სერბეთი), გიორგი გრიშიკაშვილი („დიომიდისი“, საბერძნეთი), ვახტანგ ხელისუფალი („სამტრედია“, საქართველო), გიორგი ახალბედაშვილი („პანელინიოსი“, საბერძნეთი), ირაკლი გოგოლაძე (ბსბ, საქართველო), ზურიკო სიმონია („ქუთაისი 2015“, საქართველო), გიორგი ლაპიაშვილი (ბსბ, საქართველო), დავით გრიშიკაშვილი („პეგასი“, საქართველო).