ხელბურთი | გიორგი ცხოვრებაძე - ევროპის ჩემპიონატის დებიუტანტები ვართ და პირველივე მატჩში საუკეთესოს ტიტულის მიღება დიდი პატივია [ვიდეო] #1TVSPORT

საქართველოს ხელბურთელთა ნაკრები გერმანიაში მიმდინარე ევროპის ჩემპიონატის ფინალურ ეტაპზე ასპარეზობს. ეროვნული ნაკრების პირველ ისტორიულ ასპარეზობას კულტურისა და სპორტის მინისტრი თეა წულუკიანი დაესწრო.

საქართველოს ხელბურთელთა ნაკრებმა პირველი შეხვედრა ნიდერლანდების ნაკრებთან გამართა და ანგარიშით 29:34 დათმო. აღსანიშნავია, რომ მატჩის საუკეთესო მოთამაშედ გიორგი ცხოვრებაძე დასახელდა, რომელმაც ნიდერლანდების ნაკრებს 9 გოლი გაუტანა.

„ევროპის ჩემპიონატის დებიუტანტები ვართ და პირველივე მატჩში საუკეთესოს ტიტულის მიღება დიდი პატივია. ნიდერლანდებთან დავმარცხდით, მაგრამ ახალგაზრდული გუნდი გვყავს და ყველაფერს ახლა ვიწყებთ“, – აღნიშნა გიორგი ცხოვრებაძემ.

ტიტე კალანდაძის გუნდი E ჯგუფის მომდევნო შეხვედრას 13 იანვარს ევროპის მოქმედ ჩემპიონთან – შვედეთთან გამართავს, 15 იანვარს კი ბოსნია-ჰერცეგოვინას დაუპირისპირდება.

ინფორმაციას კულტურისა და სპორტის სამინისტროს პრესსამსახური ავრცელებს.