38:10 – საქართველოს მორაგბეთა ნაკრების გამარჯვება
საქართველოს მორაგბეთა ნაკრებმა ერთა თასის გათამაშება გამარჯვებით დაასრულა. „ბორჯღალოსნებმა“ თბილისის მიხეილ მესხის სტადიონზე აშშ-ის ნაკრები ანგარიშით 38:10 დაამარცხეს და ტურნირზე მორიგი დამაჯერებელი გამარჯვება მოიპოვეს.
დაპირისპირებას განსაკუთრებული მნიშვნელობა ჰქონდა – საქართველო და აშშ ტურნირის საკუთარ ჯგუფებში უკვე ჩემპიონები იყვნენ. შესაბამისად, მატჩში ერთმანეთს ორი ჯგუფის გამარჯვებული, დაუმარცხებელი გუნდი დაუპირისპირდა. ორივე ნაკრებს ჯგუფში ჩემპიონობა უკვე განაღდებული ჰქონდა, თუმცა, ერთმანეთთან დაპირისპირებაში გამარჯვება ორივე გუნდისთვის პრინციპული იყო – ეს იყო შესაძლებლობა, ტურნირის ორი საუკეთესო გუნდის სტატუსი უშუალო შეხვედრაშიც დაემტკიცებინათ. ეს ისტორიაში გუნდების მე-9 დაპირისპირებაა, საიდანაც 6 შეხვედრა საქართველოს გამარჯვებით დასრულდა.