ხავიერ კოლომინა - უკრაინის გარშემო ვითარება ძალიან სერიოზულია, რუსეთის სამხედრო მობილიზაცია უკრაინის საზღვრებთან გრძელდება
უკრაინის გარშემო ვითარება ძალიან სერიოზულია, რუსეთის სამხედრო მობილიზაცია უკრაინის საზღვრებთან გრძელდება, – ამის შესახებ განცხადება სამხრეთ კავკასიასა და ცენტრალურ აზიაში ნატო-ს გენერალური მდივნის სპეციალურმა წარმომადგენელმა, ხავიერ კოლომინამ საქართველოს პირველ არხთან ექსკლუზიურ ინტერვიუში განაცხადა.
„უკრაინაში და უკრაინის გარშემო სიტუაცია ძალიან სერიოზულია. რუსეთის სამხედრო მობილიზაცია უკრაინის საზღვრებთან გრძელდება. ჩვენ ვნახეთ, რომ უკრაინის სამხრეთ, აღმოსავლეთ და ჩრდილოეთ საზღვრებთან უკვე მობილიზებულია 100 000-ზე მეტი რუსი სამხედრო მოსამსახურე. ჩვენ რუსეთს დიპლომატიური არხებით გადავეცით, რომ ვითარების განმუხტვა და ჯარისკაცების გაყვანა აუცილებელია. მათ ვუთხარით, რომ დიალოგის გზა ღიაა. სწორედ ამის გაკეთება გვინდა ახლა, რომ დიპლომატიური გზით სიტუაცია შეიცვალოს.
რა თქმა უნდა, ჩვენ უნდა მოვემზადოთ მოვლენების ყველაზე ცუდი სცენარით განვითარებისთვისაც, იმ შემთხვევისთვის, თუ დიპლომატიური პროცესი წარუმატებელი იქნება. ამის გათვალისწინებით, ნატო იღებს გადაწყვეტილებებს, რომლებიც საჭიროა აღმოსავლეთ ფლანგზე ჩვენი მოკავშირეების დასარწმუნებლად. ჩვენ ვზრდით წარმომადგენლობას და უკვე ვემზადებით ისეთი გადაწყვეტილებების მისაღებად, რომლებსაც მივმართავთ, თუ საქმე უარესობისკენ წავიდა“, – განაცხადა კოლომინამ.
მისივე თქმით, იმ შემთხვევაში თუ რუსეთი კვლავ შეიჭრება უკრაინაში, მაშინ ნატო-ს მოუწევს საპასუხო ზომების მიღება, რაც მოიცავს რუსეთის საზღვრების სიახლოვეს ნატო-ს წარმომადგენლობის გაზრდას, რაც, კოლომინას განცხადებით, მოსკოვში ასე ძალიან არ სურთ.
„ჩვენი გზავნილი რუსეთისთვის შემდეგია, თუ ისინი რეალურად მიიღებენ გადაწყვეტილებას უკრაინაში შეიჭრან, მაშინ რუსეთი დადგება ძალიან სერიოზული შედეგების წინაშე, ყველა დონეზე. ეს იქნება არა მხოლოდ სანქციები, რომლებიც აშშ-მა, ევროკავშირმა და სხვებმა შეიძლება, დააწესონ, არამედ ასევე, იქნება სამხედრო ჯარების გაზრდა რუსეთის საზღვრებთან. ანუ, მოხდება ის, რაც რუსეთს ყველაზე მეტად არ სურს. ჩვენ სხვა არჩევანი უბრალოდ არ გვექნება.
რაც შეეხება ჩვენს ურთიერთობებს საქართველოსა და უკრაინასთან, ნატო აძლიერებს ამ ქვეყნებთან ურთიერთობებს. ჩვენ ერთგულები ვართ ნატო-საქართველოს არსებითი პაკეტის და იმ ინსტრუმენტების, რომლებიც გვაქვს უკრაინასთან თანამშრომლობისთვის. უკრაინის შემთხვევაში ჩვენ გავაძლიერეთ თანამშრომლობა ჰიბრიდულ საფრთხეებთან გამკლავებისა და მედეგობის განმტკიცებისთვის, რათა დავეხმაროთ ამ სიტუაციაში“, – განაცხადა ნატო-ს გენერალური მდივნის სპეციალურმა წარმომადგენელმა.
ხავიერ კოლომინასთან ინტერვიუს სრულ ვერსიას მოისმენთ, 4 თებერვალს „საქართველოს რადიოს“ ეთერში, ლევან ახალაიას საავტორო გადაცემა „მსოფლიოს ამბებში“.