ხავიერ კოლომინა - პრემიერთან შეხვედრაზე ვისაუბრეთ „ქართული ოცნების“ ყოფილი წევრების განცხადებებზე, ირაკლი ღარიბაშვილი გაემიჯნა ანტიდასავლურ რიტორიკას
ხავიერ კოლომინა - პრემიერთან შეხვედრაზე ვისაუბრეთ „ქართული ოცნების“ ყოფილი წევრების განცხადებებზე, ირაკლი ღარიბაშვილი გაემიჯნა ანტიდასავლურ რიტორიკას

ანტიდასავლური რიტორიკა მიუღებელია, ძალიან მკაფიოდ ვხედავთ, რომ მოსახლეობის 70 პროცენტი ნატო-ს მხარდაჭერას და 75 პროცენტი ევროკავშირის მხარდაჭერას განაგრძობს, – ამის შესახებ კავკასიასა და ცენტრალურ აზიაში ჩრდილოატლანტიკური ალიანსის გენერალური მდივნის სპეციალურმა წარმომადგენელმა, ხავიერ კოლომინამ განაცხადა.

კოლომინას თქმით, „ქართული ოცნების“ წარმომადგენლებთან საუბარი შეეხო განცხადებებს იმის შესახებ, თითქოს ევროკავშირსა და აშშ-ს საქართველოს ომში ჩართვა და მეორე ფრონტის გახსნა სურთ.

„ეს ის საკითხია, რომელზეც ასევე ვისაუბრეთ. ანტიდასავლური რიტორიკა, რომელსაც ვხედავთ, მთლიანობაში ასევე შემაშფოთებელია და არ მოგვწონს. ამასთან, ძალიან მკაფიოდ ვხედავთ, რომ მოსახლეობის 70 პროცენტი ნატო-ს მხარდაჭერას და 75 პროცენტი ევროკავშირის მხარდაჭერას განაგრძობს. გარკვეული სივრცეა პოლიტიკურ პოლარიზაციასა და იმ ერთიანობას შორის, რაც მოსახლეობაში არსებობს. ალბათ, უფრო მნიშვნელოვანია, საზოგადოება როგორ რეაგირებს. ჩვენ გვჭირდება გზავნილების მიტანა, რასაც მე ვაკეთებ, მიმაქვს გზავნილები თქვენს ხელისუფლებასთან და პოლიტიკოსებთან. ფუნდამენტურია იმის გააზრება, რომ ასეთი ტიპის რიტორიკა საერთოდ არ გვეხმარება. „ქართული ოცნების“ ოთხ ყოფილ დეპუტატზე, ამ თემაზე ვისაუბრე და წამოვჭერი ეს საკითხი. ვთქვი, რომ კრიტიკა, რომელსაც ისინი გამოხატავენ აშშ-ის ელჩისა და ევროკავშირის ელჩის მიმართ, სავსებით უსაგნოა. პრემიერ-მინისტრი ღარიბაშვილი გაემიჯნა ამას. მან მკაფიოდ თქვა, რომ ამ რიტორიკას მხარს არ უჭერს. პრემიერის პოზიცია მოვისმინე. მთლიანობაში, ანტიდასავლური რიტორიკა არ მოგვწონს და მიუღებელია“, – განაცხადა კოლომინამ.