ხავიერ კოლომინა - ნატო-სთვის დემოკრატია პრინციპული ღირებულებაა, არჩევნები მისი შემადგენელი დიდი ნაწილია, ველოდებით, რომ 2024 წლის ბოლოს ცოცხალ, დემოკრატიულ პროცესს ვნახავთ
არჩევნები დემოკრატიის შემადგენელი დიდი ნაწილია, რომელიც უნდა ტარდებოდეს სამართლიანი, კონკურენტული გზით, – ამის შესახებ კავკასიასა და ცენტრალურ აზიაში ნატო-ს გენერალური მდივნის სპეციალურმა წარმომადგენელმა, ხავიერ კოლომინამ განაცხადა.
მისი თქმით, დემოკრატია მუშაობს ყველას ჩართულობით და ეს არის მთავრობისა და ოპოზიციის საზიარო პასუხისმგებლობა.
„ჩვენთვის დემოკრატია ფუნდამენტურია და ალიანსისთვის პრინციპული ღირებულებაა. არჩევნები დემოკრატიის შემადგენელი დიდი ნაწილია, რომელიც უნდა ტარდებოდეს სამართლიანი, კონკურენტული გზით, ეს არის გზავნილი, რომელიც გადავეცი პრეზიდენტს, პრემიერს, ამაზე ვესაუბრე საგარეო საქმეთა მინისტრს რამდენიმე კვირის წინ, ამას ვეტყვი, როდესაც შევხვდები დღეს და ხვალ. ეს იყო საუბრის ნაწილი ოპოზიციასთანაც. ვფიქრობ, რომ რამდენადაც არჩევნები მნიშვნელოვანია, ოპოზიციის როლიც მნიშვნელოვანია და მთავრობის როლიც მნიშვნელოვანია. დემოკრატია მუშაობს ყველა ჩვენგანის ჩართულობით, მოქალაქეთა ჩართულობით. ჩემი გადმოსახედიდან, ეს არის მთავრობისა და ოპოზიციის საზიარო პასუხისმგებლობა. მე ველოდები, რომ საქართველოსთვის 2024 იქნება ძალიან აქტუალური არამხოლოდ იმიტომ, რომ რეფორმების განხორციელებას ველოდებით, არამედ იმიტომაც, რომ წელი არჩევნებით დასრულდება. ველოდებით, რომ ნამდვილ, ცოცხალ და დემოკრატიულ პროცესს ვნახავთ წლის ბოლოს“, – განაცხადა ხავიერ კოლომინამ.