ხავიერ კოლომინა - მხოლოდ 2022 წელს საქართველო მონაწილეობდა ოთხ სხვადასხვა მინისტერიალში, პოლიტიკური დიალოგი აქტიურია, რაც აჩვენებს ალიანსისთვის საქართველოს მნიშვნელობას
სამხრეთ კავკასიასა და ცენტრალურ აზიაში ნატო-ს გენერალური მდივნის სპეციალური წარმომადგენლის, ხავიერ კოლომინას განცხადებით, საქართველოსთან პოლიტიკური დიალოგი და პრაქტიკული თანამშრომლობა კარგად აჩვენებს ალიანსისთვის საქართველოს მნიშვნელობას.
როგორც ხავიერ კოლომინამ საქართველოს პირველ არხთან ინტერვიუში აღნიშნა, პოლიტიკური დიალოგი აქტიურია და მხოლოდ 2022 წელს საქართველო მონაწილეობდა ოთხ სხვადასხვა მინისტერიალში.
„ბუქარესტი ჩვენთვის სიმბოლური ადგილია, სადაც 2008 წელს ნატო-ს სამიტს ვუმასპინძლეთ. ეს ადგილი სიმბოლურია თქვენთვის და უკრაინისთვის, იმის გათვალისწინებით, რომ ამ სამიტზე მივიღეთ ძალიან მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება, რომელსაც ვიცავთ ყველა სამიტზე. მინისტრებიც ადასტურებენ თავიანთ განცხადებებში, რომ შავი ზღვის, ისევე როგორც ბალკანეთისა და კავკასიის რეგიონის ქვეყნები, ჩვენთვის მნიშვნელოვანი ქვეყნები არიან. სწორედ ამიტომ, ჩვენ ვაგრძელებთ ძალიან აქტიურ და ეფექტურ მუშაობას თქვენს შეიარაღებულ ძალებთან, თავდაცვის, საგარეო საქმეთა მინისტრებთან. პოლიტიკური დიალოგი აქტიურია, მინისტრი დარჩიაშვილი აქ არის. მხოლოდ 2022 წელს საქართველო მონაწილეობდა ოთხ სხვადასხვა მინისტერიალში, პრემიერი ღარიბაშვილი ესწრებოდა მადრიდის სამიტს, მადრიდში, ნატო-ს საპარლამენტო ასამბლეაზე შეხვედრები მქონდა საქართველოს დელეგაციასთან. ასე რომ, ვფიქრობ, პოლიტიკური დიალოგი და პრაქტიკული თანამშრომლობა საქართველოსთან კარგად აჩვენებს საქართველოსა და შავი ზღვის მნიშვნელობას ალიანსისთვის“, – განაცხადა ხავიერ კოლომინამ.