ხავიერ კოლომინა - ჩვენ არ ვადარებთ ერთმანეთს რუსეთისა და ჩინეთის სიტუაციებს, ჩინეთი გარკვეულ შემთხვევებში შესაძლოა, იყოს პარტნიორი, გლობალური მოთამაშე, მთავარია ბალანსი ურთიერთობებში
ჩინეთი გარკვეულ შემთხვევებში შესაძლოა, იყოს პარტნიორი, გლობალური მოთამაშე, რომელთანაც ჩართულობა შესაძლებელია. განსხვავებულია ვითარება რუსეთთან, რომელიც ჩვენთვის საფრთხეა და თავდამსხმელია. არ შეცვლილა ჩვენი შეხედულება რუსეთზე, რამდენადაც ომი კვლავ გრძელდება, – ამის შესახებ კავკასიასა და ცენტრალურ აზიაში ნატო-ს გენერალური მდივნის სპეციალურმა წარმომადგენელმა, ხავიერ კოლომინამ საქართველო-ჩინეთს შორის სტრატეგიულ თანამშრომლობასთან დაკავშირებულ კითხვაზე პასუხისას განაცხადა.
ხავიერ კოლომინას თქმით, მთავარია ბალანსი ურთიერთობებში.
„ამ საკითხზე ხშირად გვისაუბრია ჩემი ვიზიტების დროს. ჩვენ ვცხოვრობთ სტრატეგიული კონკურენციის სამყაროში. ჩვენ არ ვადარებთ ერთმანეთს რუსეთისა და ჩინეთის სიტუაციებს. ჩვენ გვაქვს შეშფოთება უსაფრთხოების გამოწვევებზე, რომელსაც ჩინეთი წარმოადგენს, ამ კუთხით, გვჯერა, რომ ჩვენს პარნტიორებს და ჩვენს მოკავშირეებსაც კი შესაძლოა, უფრო კომპლექსური ურთიერთობა ჰქონდეთ ჩინეთთან, რადგან ჩინეთი გარკვეულ შემთხვევებში შესაძლოა, იყოს პარტნიორი, შესაძლოა, იყოს გლობალური მოთამაშე, რომელთანაც ჩართულობა შესაძლებელია. ნატო არის ჩართული ჩინეთთან, მაგრამ ამასთანავე მხედველობაში უნდა მივიღოთ ფაქტი, რომ ის წარმოადგენს უსაფრთხოების ნაწილში გამოწვევას, განსაკუთრებით საქმე ეხება კრიტიკულ ინფრასტრუქტურას, დამოკიდებულებას, როდესაც იქმნება ზოგიერთი ინვესტიცია. ეს არ ნიშნავს, რომ ჩინეთთან პარტნიორობა არ შეიძლება, რომ ჩინეთისგან ინვესტიციების მიღება არ შეიძლება. განსხვავებულია ვითარება რუსეთთან, რომელიც ჩვენთვის საფრთხეა და თავდამსხმელია. არ შეცვლილა ჩვენი შეხედულება რუსეთზე, რამდენადაც ომი კვლავ გრძელდება. როგორც აღვნიშნე, ეს არის ჩვენი საუბრების თემა, რომელიც საქართველოს ხელისუფლებასთან გვქონია. მათ იციან, რომ ფრთხილად უნდა იყვნენ, როდესაც დამოკიდებულების შექმნის რისკი არსებობს, განსაკუთრებით კრიტიკული ინფრასტრუქტურის ნაწილში. ამასთანავე, გვესმის ინვესტიციების საჭიროების აუცილებლობა, განსაკუთრებით ისეთ სექტორებში, სადაც კრიტიკული ინფრასტრუქტურის დამოკიდებულების რისკი არ იქმნება. საბოლოო ჯამში, მთავარია ბალანსი ურთიერთობებში“, – აღნიშნა ხავიერ კოლომინამ.