საზოგადოებრივი ტრანსპორტი შესაძლოა, მინიმალური დატვირთვით ამუშავდეს, რაც გულისხმობს მგზავრთა შეზღუდულ რაოდენობას და პირბადეების გამოყენებას
როგორც ჩემთვის ცნობილია, მოიაზრება საზოგადოებრივი ტრანსპორტის მინიმალური დატვირთვით მუშაობა, რაც გულისხმობს ადამიანთა შეზღუდული რაოდენობით ყოფნას საზოგადოებრივ ტრანსპორტში და მგზავრების მიერ პირბადეების გამოყენებას, – ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის გადამდებ დაავადებათა დეპარტამენტის ხელმძღვანელმა, ხათუნა ზახაშვილმა განაცხადა.
როგორც ხათუნა ზახაშვილმა აღნიშნა, საზოგადოებრივი ტრანსპორტი ამუშავდება და ეს არის ადამიანთა გადაადგილების ყველაზე ხელმისაწვდომი საშუალებაა ქალაქების შიგნით.
„საზოგადოებრივი ტრანსპორტი მნიშვნელოვანია ასევე საქალაქთაშორისო მიმოსვლის აღდგენის პროცესში, თუმცა მთელი აღდგენის პროცესი მოხდება იმ ეპიდსიტუაციის გათვალისწინებით, რაც წარმოიქმნება ყოველდღიურად. ნებისმიერი ცვლილება საზოგადოებრივ გადაადგილებასთან ერთად არის ასოცირებული შესაძლო რისკების მატებასთან. თუ ამ რისკების მატების შედეგად დადგა დღის წესრიგში დაავადებათა შემთხვევების მატება, რომელმაც შეიძლება რისკი შეუქმნას საზოგადოებრივ ჯანმრთელობას, სამწუხაროდ, შეიძლება მოგვიწიოს უკუსვლების გაკეთებაც პერიოდულად და საზოგადოებრივი ტრანსპორტის გადაადგილებაზე კვლავ ამა თუ იმ სახით შეზღუდვების დაწესება. ამჟამად, როგორც ჩემთვის ცნობილია, მოიაზრება საზოგადოებრივი ტრანსპორტის მინიმალური დატვირთვით მუშაობა, რაც გულისხმობს ადამიანთა შეზღუდული რაოდენობით ყოფნას საზოგადოებრივ ტრანსპორტში და მგზავრების მიერ პირბადეების გამოყენებას“, – განაცხადა ხათუნა ზახაშვილმა.