ხათუნა ზახაშვილი - რისკის შეფასებასა და მართვას თუ ვისწავლით, გადავავადებთ ან სრულიად ავირიდებთ ყველა რესპირაციულ ინფექციას, მათ შორის კოვიდს
რისკის შეფასებასა და მართვას თუ ვისწავლით, ალბათ გადავავადებთ ან სრულიად ავირიდებთ თავიდან ყველა რესპირაციულ ინფექციას, მათ შორის კოვიდს, – ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის გადამდებ დაავადებათა დეპარტამენტის ხელმძღვანელმა, ხათუნა ზახაშვილმა საქართველოს პირველი არხის გადაცემაში „პირადი ექიმი მარი მალაზონია“ განაცხადა.
როგორც ხათუნა ზახაშვილმა აღნიშნა, აუცილებელია ზოგადი რესპირაციული ეტიკეტის დაცვა.
„ამ ეტიკეტში გაერთიანდა ის, რასაც ზოგად პოპულაციურ ეტიკეტს ვუწოდებდით, როგორც იქცეოდნენ ადამიანები ხველის, ცემინების დროს და დაემატა ამას ცოტა სამედიცინო რესპირაციული ეტიკეტი, რომელსაც გამოიყენებდა სამედიცინო პერსონალი თავის სამუშაო ადგილზე, მაშინ როდესაც იწყებდა რესპირაციული ინფექციები სეზონურ გავრცელებას. ახლა ეს ყველაფერი გადმოვიტანეთ საზოგადოებაში. რეალურად რისკების შეფასებისთვის ყოველთვის უნდა ვიცოდეთ, რომ კოვიდი ჯერ რჩება ინფექციად, რომლის გადაცემის მექანიზმში მთავარი არის წვეთი. ყველას გვაქვს დღეს რისკი, ვიყოთ მეტ-ნაკლებად ინფიცირებულები, თუ ირგვლივ არის ადამიანი, რომელიც ახველებს, აცემინებს, არ უკეთია ნიღაბი, ან მღერის და არის კოვიდინფიცირებული, ამ შემთხვევაში რისკები გაიზრდება რამდენჯერმე. ყველაფერი ადამიანის პირად ქმედებებზეა დამოკიდებული. შევაფასოთ საკუთარი რისკი, რამდენად შეიძლება დავინფიცირდე იმ გარემოში, სადაც ვიმყოფები“, – განაცხადა ხათუნა ზახაშვილმა.