ხათუნა ზახაშვილი - მარნეულის კლინიკა არ დაკეტილა, უბრალოდ კარანტინი იყო გამოცხადებული
დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის, გადამდებ დაავადებათა დეპარტამენტის უფროსის ხათუნა ზახაშვილის განცახდებით, მარნეულის კლინიკა ამ ეტაპზე დაკეტილი არ არის, თუმცა კლინიკაში კარანტინი იყო გამოცხადებული, ვინაიდან კორონავირუსით ინფიცირებულებული პაციენტი ჰყავთ.
„კლინიკა არ არის დაკეტილი, კლინიკა ფუნქციონირებს, ყავს თავისი პაციენტები, უვლის, პატრონობს. კლინიკაში იყო უბრალოდ კარანტინი გამოცხადებული, რადგან ასეთი პაციენტი ჰყავთ შიგნით და ამ კლინიკაში უცხო ადამიანები არ უნდა შევიდნენ“ ,- განაცხადა ხათუნა ზახაშვილმა.
რაც შეეხება კლინიკის მედპერსონალის თვითიზოლაციაში გადაყვანას, მისი თქმით, ჯერჯერობით დაზუსტებული არაფერია.
თუმცა, მისივე განმარტებით, ინფორმაცია, თითქოს ექიმები პაციენტთან კონტაქტისას დაუცველები იყვნენ, სიმართლეს არ შეესაბამება.
„ვერაფერს გეტყვით, ჯერჯერობით დაზუსტებული არაფერი არ არის, ექიმების ნაწილი განაგრძობენ თავისი ჯანმრთელობის თვითმონიტორინგს, რაც ჩვეულებრივი რეჟიმია ისეთი საავადმყოფოებისთვის, რომლებიც იღებენ კოვიდიან პაციენტებს და ექიმებისთვის ჩვეულებრივი რეჟიმია. არაფერი დაუცველები ექიმები არ იყვნენ, მე ვიყავი ამ საავადმყოფოში პირადად და ვნახე, რომ ეს ექიმები ძალიან მამაცურად, სწორად შეიარაღებულები შეხვდნენ ამ შემთხვევას“ ,- აღნიშნა ზახაშვილმა.
ზახაშვილის თქმით, საგანგებო სამსახური არეგულირებს სიტუაციას, თუ ისინი ჩათვლიან საჭიროდ, პაციენტს სხვა კლინიკაში გადაიყვანენ, წინააღმდეგ შემთხვევაში იგი მკურნალობას აღნიშნულ კლინიკაში გააგრძელებს.
„საგანგებო სამსახური არეგულირებს ამ თემებს, თუ კლინიკურად ჩაითვლება, რომ მის მიმართ უკეთესია სხვა კლინიკაში გადაყვანა, გადაიყვანნენ სხვა კლინიკაში. თუ ჩაითვლება, რომ ამ კლინიკას აქვს მართვის პოტენციალი, აქვე მართავენ. პაციენტის მდგომარეობის შესახებ მე არ მაქვს დაზუსტებული ინფორმაცია, მკურნალი ექიმი უკეთ გეტყვით მისი ჯანმრთელობის საერთო მდგომარეობის შესახებ“ ,- განაცხადა ხათუნა ზახაშვილმა.