ხათუნა ზახაშვილი - გამოცდებზე აბიტურიენტებისთვის უსაფრთხო გარემოს შესაქმნელად განათლების სამინისტროსთან ერთად ვმუშაობთ
დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის გადამდებ დაავადებათა დეპარტამენტის ხელმძღვანელის, ხათუნა ზახაშვილის ინფორმაციით, განათლების სამინისტროსთან ერთად მუშაობენ გეგმაზე, თუ როგორ ჩატარდეს წელს გამოცდები ისე, რომ აბიტურიენტების უსაფრთხოება იყოს დაცული.
როგორც ზახაშვილმა აღნიშნა, ამ კუთხით ადეკვატურ რეკომენდაციებს შეიმუშავებენ.
„უკვე დავიწყეთ მუშაობა განათლების სამინისტროსთან. გვაქვს მსჯელობა, რა აჯობებს, როგორ იქნება უფრო უსაფრთხო, როგორ იქნებიან უფრო მეტად დაცული ის ადამიანები, ვინც მივლენ გამოცდის ჩასაბარებლად.
მართლაც, აბიტურიენტებს მას მერე, რაც კოვიდის გავრცელება დაიწყო მსოფლიოში, რაც პანდემია ჩამოყალიბდა, უჩვეულო გარემოში მოუწიათ სწავლა, მზადება ეროვნული გამოცდებისთვის. უჩვეულო გარემოში მოუწევთ უმრავლეს მათგანს სკოლის დამთავრება, ბოლო ზარის ზეიმის თუ დღესასწაულის აღნიშვნა, შესაძლოა ისე ფართოდ და ისე მასშტაბურად არა, როგორც სხვა წლებში იყო. თითოეულ მათგანს ვუსურვებ წარმატებას გამოცდებზე, ვუსურვებ, მიიღონ ის სასურველი შედეგი გამოცდებზე, რასაც ელიან და რასაც იმსახურებენ.
ჩვენ ყველანაირ ღონისძიებას დავსახავთ განათლების სამინისტროსთან ერთად, რომ ის სამსაათიანი, ოთხსაათიანი გამოცდა, რომელზეც უწევთ აბიტურიენტებს მუშაობა, იყოს მათი ჯანმრთელობისთვის უსაფრთხო. შემუშავებული იქნება ადეკვატური რეკომენდაციები“,- განაცხადა ზახაშვილმა.