ხათუნა თოთლაძე - თავისუფალი გადაადგილების უფლების შეზღუდვა მეტყველებს საოკუპაციო რეჟიმების პოლიტიკაზე, რომელსაც ისინი საქართველოში ატარებენ
თავისუფალი გადაადგილების უფლების შეზღუდვა მეტყველებს საოკუპაციო რეჟიმების პოლიტიკაზე, რომელსაც ისინი საქართველოში ატარებენ ,- ამის შესახებ ჟურნალისტებს საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ, ხათუნა თოთლაძემ განაცხადა.
ამ კომენტარით თოთლაძე ცხინვალის საოკუპაციო რეჟიმის მიერ პერევის გადასასვლელის ჩაკეტვის საკითხს გამოეხმაურა.
„ზოგადად, არახალია, რომ თავისუფალი გადაადგილების უფლება არის შეზღუდული, სამწუხაროდ, სწორედ საოკუპაციო ხაზთან არსებულ მონაკვეთებზე. ჩვენ ამ საკითხზე მუდმივად ვსაუბრობთ ყველა შესაბამის ფორმატებში. კიდევ ერთი დადასტურება იმისა, თუ რამდენად ქმედითია საქართველოს ხელისუფლება, საერთაშორისო პარტიორებთან ურთიერთობაში, თუ ყველა შესაძლო ფორმატის გამოყენების კონტექსტში, ალბათ არის გუშინდელი დღე.
ჩვენ ყველაფერს ვაკეთებთ, რაც არის ხელისუფლების ბერკეტები, თუმცა მდგომარეობა ნამდვილად მძიმეა, ამას ვადასტურებ. თავისუფალი გადაადგილების უფლება, სამწუხაროდ, შეზღუდულია და ეს ისევ და ისევ მეტყველებს სწორედ იმ საოკუპაციო რეჟიმების პოლიტიკაზე, რომელსაც ისინი ატარებენ საქართველოში“ ,- განაცხადა ხათუნა თოთლაძემ.