ხათუნა სამნიძე - ვფიქრობ, სტატუსთან ერთად კონკრეტული პირობებიც იქნება, მათ შესრულებას ხელისუფლება რომ არ დააპირებს, გასაგებია და გადაწყვეტილებას ხალხი არჩევნებზე მიიღებს
ხათუნა სამნიძე - ვფიქრობ, სტატუსთან ერთად კონკრეტული პირობებიც იქნება, მათ შესრულებას ხელისუფლება რომ არ დააპირებს, გასაგებია და გადაწყვეტილებას ხალხი არჩევნებზე მიიღებს

პატიმრები, ადამიანის უფლებები, სასამართლო რეფორმა – ეს ის საკითხებია, რაზეც ხელისუფლება ნაბიჯებს არ დგამს, მაგრამ სტატუსის მინიჭების შემდეგ მოქალაქეები არჩევნების გზით გადაწყვეტენ, ვინ შეასრულებს იმ პირობებს, რომ მოლაპარაკებები დაიწყოს ევროკავშირთან, – ამის შესახებ ოპოზიციონერმა დეპუტატმა, ხათუნა სამნიძემ განაცხადა.

მისივე თქმით, სტატუსის მინიჭებასთან დაკავშირებით ოპტიმისტურად არის განწყობილი.

„როცა ვამბობთ, რომ ქვეყანა იმსახურებს სტატუსს, შემდეგ ავანსზე საუბარი ცოტა წინააღმდეგობრივია – ეს ქვეყანა სტატუსს იმსახურებს. არ გაგვიმართლა, რომ ისტორიულ მომენტში „ქართული ოცნებაა“ ხელისუფლებაში, რომელიც ამ გზას ხერგავს. ამის მიუხედავად, ხელისუფლება მოდის და მიდის, ხელისუფლებები იცვლებიან და ეს ქვეყანა და მოქალაქეები სტატუსს იმსახურებენ. ოპტიმისტურად ვარ განწყობილი. ვფიქრობ, სტატუსთან ერთად კონკრეტული პირობებიც იქნება და ამის შესრულებას ეს ხელისუფლება რომ არ დააპირებს, მოქალაქეებისთვის გასაგებია და გადაწყვეტილებას ხალხი არჩევნებზე მიიღებს.

რაც შეეხება სააკაშვილის ფაქტორს, როცა საუბარია 12 რეკომენდაციაზე, გეოპოლიტიკურ ვითარებაზე და ასეთ რთულ მდგომარეობაში ვართ, კიდევ ახალი პირობებით დახუნძვლა უკვე ახალი ბარიერია. ჩემი აზრით, პატიმრები, ადამიანის უფლებები, სასამართლო რეფორმა – ეს ის საკითხებია, რაზეც ხელისუფლება ნაბიჯებს არ დგამს, მაგრამ სტატუსის მინიჭების შემდეგ მოქალაქეები არჩევნების გზით გადაწყვეტენ, ვინ შეასრულებს იმ პირობებს, რომ მოლაპარაკებები დაიწყოს ევროკავშირთან“, – განაცხადა ხათუნა სამნიძემ.