ხათუნა სამნიძე - უკრაინის მხარდამჭერი რეზოლუციის პრინციპულ საკითხებზე უკვე შეთანხმებული ვართ
უკრაინის მხარდამჭერ ერთობლივ რეზოლუციაზე უმრავლესობისა და ოპოზიციის წევრებს შორის პარლამენტში კონსულტაციები გაიმართა. როგორც კონსულტაციების დასრულების შემდეგ ოპოზიციონერმა დეპუტატმა ხათუნა სამნიძემ განაცხადა, პრინციპულ საკითხებზე შეთანხმებული არიან.
ხათუნა სამნიძე იმედოვნებს, რომ უახლოეს საათებში შესაძლებლობა ექნებათ, ხელი მოაწერონ რეზოლუციის ტექსტის საბოლოო ვერსიას.
„ქართულმა ოცნებამ“ წარმოგვიდგინა საკუთარი ვერსია, თუმცა ჩვენი რამდენიმე შენიშვნა აქამდეც ჰქონდა მოსმენილი და რამდენიმე გაითვალისწინა. პრინციპულ საკითხებზე შეთანხმებული ვართ და ველოდებით ტექსტის საბოლოო ვერსიას. ადგილზე მოხდა თითქმის ყველას შენიშვნების ნაწილის გათვალისწინება, ნაწილის მონიშვნა. პრინციპული საკითხებია, რომ რეზოლუციაში ასახული ყოფილიყო რუსეთის აგრესიის საკითხი, ასევე უკრაინის ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერის საკითხი, რომ მხარს ვუჭერთ ჩვენს პარტნიორებს. ვითვალისწინებთ და ვეყრდნობით რეზოლუციებს, რომლებიც აქამდე პარლამენტში იქნა მიღებული. არის სხვა ტიპის შენიშვნები, რაც შეეხება „ვორდინგს“, კონკრეტულ სიტყვებს და წინადადებებს. იმედი მაქვს, ძალიან მალე, უახლოეს საათებში ეს შეთანხმებაც დასრულდება და შესაძლებლობა გვექნება, უკვე ხელი მოვაწეროთ ტექსტს, რომელიც დღესვე უნდა დარეგისტრირდეს, თუ გვინდა, რომ პირველსავე სესიაზე მოხდეს კენჭისყრა“, – განაცხადა ხათუნა სამნიძემ.