ხათუნა სამნიძე - საქართველოს პირველი ამოცანა არის სტატუსის მიღება, მთელი ქვეყანა უნდა იდგეს ერთად, ყველაფერი გავაკეთოთ, რათა პარტნიორებმა დაინახონ, რამდენად მნიშვნელოვანია სტატუსის მონიჭება    
ხათუნა სამნიძე - საქართველოს პირველი ამოცანა არის სტატუსის მიღება, მთელი ქვეყანა უნდა იდგეს ერთად, ყველაფერი გავაკეთოთ, რათა პარტნიორებმა დაინახონ, რამდენად მნიშვნელოვანია სტატუსის მონიჭება    

ოპოზიციონერი დეპუტატის, ხათუნა სამნიძის განცხადებით, პარლამენტის დელეგაციის გერმანიაში ვიზიტის ფარგლებში გამართულ შეხვედრებზე ძირითადი სასაუბრო თემა საქართველო-გერმანიის პარტნიორული ურთიერთობა და იმ გამოწვევებთან გამკლავებაში მხარდაჭერაა, რომელიც საქართველოს აქვს.

მისივე თქმით, ხაზგასმით ეუბნებიან პარტნიორებს, რომ ევროინტეგრაცია საქართველოს საზოგადოების მტკიცე არჩევანია.

„გერმანიის როლი არის ძალიან სერიოზული ევროკავშირის პოზიციებში. რა თქმა უნდა, შეხვედრების ძირითადი თემაა ჩვენი მეგობრობა, პარტნიორობა და იმ გამოწვევებთან გამკლავებაში მხარდაჭერა, რომელიც საქართველოს აქვს. ვსაუბრობთ ქვეყნის შიგნით მიმდინარე პროცესებზე და გამოწვევებზე, მაგრამ ასევე ხაზგასმით ვეუბნებით ჩვენს პარტნიორებს, რომ ევროინტეგრაცია არის მტკიცე არჩევანი საქართველოს საზოგადოების უმრავლესობის. აქ ყველა დგას ერთ მხარეს. საქართველოს პირველი ამოცანა არის სტატუსის მიღება და ამ პროცესში მთელი ქვეყანა უნდა იდგეს ერთად, ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, რათა ჩვენმა პარტნიორებმა დაინახონ, რამდენად სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია სტატუსის მინიჭება ქვეყნისთვის, რომ ქვეყანა მარტო არ დარჩეს რუსეთის პირისპირ“, – განაცხადა ხათუნა სამნიძემ.

კითხვაზე, – როგორი განწყობა გაქვთ, როგორი შთაბეჭდილება გრჩებათ ამ შეხვედრებიდან, დაუჭერს თუ არა მხარს გერმანია საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭებას? – ხათუნა სამნიძემ განაცხადა, რომ მოლოდინი აქვს, საქართველოს გერმანიის მხრიდან მხარდაჭერა ექნება.

ამასთან, ხათუნა სამნიძის თქმით, აუცილებელია სწრაფი, ფუნდამენტური რეფორმები საქართველოში, რათა პარტნიორებს დადებითი გადაწყვეტილების მიღებაში დაეხმარონ.

„ჩვენი შეხვედრების ფორმატის შესაბამისად და იმ მაღალჩინოსნებთან შეხვედრის შემდეგ, რომლებიც წარმოადგენენ სხვადასხვა პარტიას და მაღალი რანგის პოლიტიკოსებს, შეგვიძლია, ვისაუბროთ, რომ ჩვენს ქვეყანას ექნება მხარდაჭერა, იქნება ეს პოლიტიკური განცხადებები თუ კონკრეტული ნაბიჯები. ძირითადი ტვირთი ამ დავალების შესრულების არის ჩვენს ქვეყანაზე, საქართველოზე და აუცილებელია სწრაფი, ფუნდამენტური რეფორმები, რათა დავეხმაროთ, მათ შორის ჩვენს პარტნიორებს, დადებითი გადაწყვეტილების მიღებაში“, – აღნიშნა ხათუნა სამნიძემ.

ხათუნა სამნიძის განცხადებით, ევროინტეგრაციის გზაზე, რეკომენდაციების შესრულების პროცესში მნიშვნელოვანია ინკლუზიურობა და ყველას ერთიანობა.

„ქვეყნის ევროატლანტიკურ ინტეგრაციაზე საუბრისას, ბუნებრივია, ერთ-ერთი მთავარი საკითხია პროცესის ინკლუზიურობა და მთელი საზოგადოების ერთიანობა. პარტნიორებთან საუბრისას ხაზს ვუსვამთ, რომ ქვეყანას სჭირდება კანდიდატის სტატუსი და არ გვაქვს ფუფუნება, კიდევ ერთხელ დავრჩეთ მარტო, არ მივიღოთ სტატუსი ან ნიჰილიზმი გავაღვივოთ საზოგადოებაში. ბრძოლა სჭირდება ამ პროცესს – მყისიერი, სწრაფი, ფუნდამენტური რეფორმები და  ამ ტიპის მაქსიმალურად ბევრი შეხვედრა ჩვენს პარტნიორებთან, რათა ყველა კითხვას ჩვენი მხრიდან პასუხი გაეცეს“, – განაცხადა ხათუნა სამნიძემ.