ხათუნა სამნიძე - რეკომენდაციების შესრულების პროცესში ჩავერთვები, რათა ხაზი გავუსვა, რომ სტატუსს არ აქვს პოლიტიკური კუთვნილება, ეს არის ქვეყნის სტატუსი
რეკომენდაციების შესრულების პროცესში ჩავერთვები, რათა ხაზი გავუსვა, რომ სტატუსს არ აქვს პოლიტიკური კუთვნილება, ეს არის ქვეყნის სტატუსი, უპირველესად – საქართველოს მოქალაქეების მოთხოვნა, – ამის შესახებ ოპოზიციონერმა დეპუტატმა, ხათუნა სამნიძემ საქართველოს პირველ არხს განუცხადა.
მისივე თქმით, კანდიდატის სტატუსი დღევანდელ პოლიტიკურ ვითარებაში არის ქვეყნისთვის ყველაზე მნიშვნელოვანი საკითხი.
„სამოქმედო გეგმა იქნება თუ კონკრეტული ნაბიჯები, რა უნდა გაკეთდეს, როდესაც ამას შეიმუშავებს ხელისუფლება, მას უნდა ჰქონდეს მოტივაცია და უნდა კითხულობდეს, რომ ცხრა რეკომენდაციის ერთ-ერთი ნაწილია ამ რეკომენდაციების ოპოზიციასთან ერთად შესრულება და თანამშრომლობა. რთულია, მაგრამ ეს რესურსი უნდა გამონახოს ხელისუფლებამ. რაც შეეხება ჩემს როლს, ჩემი მანდატის ფარგლებში ამ სამუშაო პროცესში, რა თქმა უნდა, ჩავერთვები, რათა კიდევ ერთხელ ხაზი გავუსვა, რომ სტატუსს არ აქვს პოლიტიკური კუთვნილება და ეს არის ქვეყნის სტატუსი. ქვეყანას სჭირდება, რათა გადადგას კიდევ ერთი ნაბიჯი ევროპისკენ და, უპირველესად, ეს არის საქართველოს, ჩვენი მოქალაქეების მოთხოვნა“, – განაცხადა ხათუნა სამნიძემ.