ხათუნა სამნიძე - „ქართულმა ოცნებამ“ იმდენად საფრთხედ აღიქვა საგამოძიებო კომისიის შექმნა, მზად იყო, კონსტიტუციაც დაერღვია, რეგლამენტიც და ახლა სასესიო კვირაში დღის წესრიგიდან წაშალა
„ქართულმა ოცნებამ“ იმდენად საფრთხედ აღიქვა საგამოძიებო კომისიის შექმნა სასამართლო სისტემის შესწავლისთვის, რომ მზად იყო, კონსტიტუციაც დაერღვია, რეგლამენტიც და ახლა უკვე, ბოლოს, ამ სასესიო კვირაში წაშალა დღის წესრიგიდან, – ამის შესახებ ოპოზიციონერმა დეპუტატმა, ხათუნა სამნიძემ საქართველოს პირველი არხის გადაცემაში „დღის თემა“ განაცხადა.
მისი თქმით, საგამოძიებო კომისიის საკითხი განხილული იქნა და როდესაც საკითხი განიხილება, ის ავტომატურად გადადის კენჭის საყრელი საკითხების რიგში.
„ავტომატურად იქმნება ეს სია და ამ სიაზე უკვე გავლენა არ აქვს არც მომხსენებელს, ინიციატორს, ანუ მე და არც უმრავლესობას. ეს სია არის პარლამენტში, სხვადასხვა საკითხი განხილულია კენჭისყრაზე, უახლესმა ბიურომ უნდა განიხილოს და გადავიდეს კენჭისყრაზე. ამას ამბობს რეგლამენტი, რომ განხილული საკითხი უახლოეს ბიუროზე უნდა იყოს დღის წესრიგში. თავმჯდომარეს ჩემთან არ ჰქონია რამე საუბარი, არც მე მქონია მასთან საუბარი და არც უნდა გვქონოდა. ბატონმა პაპუაშვილმა პირველი, რაც მიპასუხა, როცა მას ვკითხე, თუ რატომ გაქრა საკითხი, იყო ის, რომ საკითხის სიიდან ამოღება არ ხდება. ეს სწორი იყო, პირველი წინადადება, მაგრამ ამის მერე რაც თქვა, იყო რეგლამენტის წინააღმდეგ ნათქვამი წინადადებები. ჩვენ არ გვაქვს უფლება, რამე საკითხი კენჭისყრის სიიდან ამოვიღოთ. მე ვამბობ, რომ წაშალა. იმიტომ, რომ მას არ ჰქონდა უფლება, ეს საკითხი ამოეღო. როდესაც უსაფუძვლოდ, კანონის გარეშე გაქრა საკითხი, როგორ შეიძლება, მე მოვითხოვო მისი შეტანა დღის წესრიგში, როდესაც არც ამას არ აქვს არანაირი სამართლებრივი საფუძველი? კანონი დაარღვია სპიკერმა, მე ამიტომ კანონს ვერ დავარღვევდი და არ დავარღვიეთ ჩვენ, ოპოზიციამ“, – განაცხადა სამნიძემ.
როგორც სამნიძემ აღნიშნა, პირადად სპიკერის პასუხისმგებლობაა ის, რომ დღის წესრიგიდან გაქრა კენჭის საყრელი საკითხი, რომლის ჩასმის და ამოღების უფლება არავის არ აქვს.
ამასთან, სამნიძემ განაცხადა, რომ კომისიამ უკვე აჩვენა ის, რისი ჩვენებაც ოპოზიციას სურდა პირველ ეტაპზე.
„„ქართული ოცნება“ გადაეფარა სასამართლო კლანს; „ქართულ ოცნებას“ არ უნდა, რომ ამ კომისიამ იმუშაოს და დავადგინოთ, მართალს ამბობს „ქართული ოცნება“ თუ მართალს ამბობს ოპოზიცია. ჩვენ ხომ არ ვამბობთ, რომ დასკვნას წინასწარ ვაკეთებთ? ჩვენ ვამბობთ, რომ შევისწავლოთ ერთობლივად“, – განაცხადა სამნიძემ.
გადაცემის წამყვანის კითხვაზე, იმ შემთხვევაში, თუ კომისია შეიქმნება, მოხდება თუ არა ელჩის ან მოსამართლეების დაბარება, რა ფორმატში წარმოუდგენია კომისიის მუშაობა, რადგან, მაგალითად, იუსტიციის საბჭოს წევრმა, დიმიტრი გვრიტიშვილმა განაცხადა, რომ მოსამართლეები საგამოძიებო კომისიის შექმნის ინიციატივას პირდაპირ პოლიტიკური გავლენის მოხდენის მცდელობად განიხილავენ და ისინი არ აპირებენ, კომისიის სხდომებზე იარონ და დეპუტატებს ანგარიშები ჩააბარონ, ხათუნა სამნიძემ აღნიშნა, რომ კომისიის მუშაობას თავისი რეგლამენტი აქვს და კომისიის შემადგენლობა თავად წყვეტს, ვინ დაიბაროს და ვინ – არა.
„რაც შეეხება ბატონ გვრიტიშვილს, მე მას ვურჩევდი, წაიკითხოს რეგლამენტი; ნახოს, ვისი დაბარების უფლება აქვს კომისიას და ვისი – არა; რას ნიშნავს, როდესაც საგამოძიებო კომისიაზე დაბარების შემთხვევაში არ მოდის და არ ექვემდებარება, ანუ არღვევს კანონს რომელიმე, ვისაც დაიბარებენ“, – განაცხადა ხათუნა სამნიძემ.