ხათუნა სამნიძე - ოლივერ ვარჰეი საუბრობდა, რომ როდესაც ქვეყანა შეასრულებს 12 რეკომენდაციას, ყველაფერს გააკეთებს, რათა იყოს მთავარი ლობისტი ჩვენი ქვეყნის ევროკავშირში გასაწევრიანებლად
შევხვდი ევროკომისარ ოლივერ ვარჰეის და მისი განცხადებები იყო უმნიშვნელოვანესი ქვეყნის ევროპულ სტატუსთან დაკავშირებით. საუბრობდა, რომ როდესაც ქვეყანა შეასრულებს 12 რეკომენდაციას, ყველაფერს გააკეთებს, რათა იყოს მთავარი ლობისტი ჩვენი ქვეყნის ევროკავშირში გასაწევრიანებლად, – ამის შესახებ „რესპუბლიკური პარტიის“ თავმჯდომარე ხათუნა სამნიძემ განაცხადა.
სამნიძის თქმით, ევროკომისარი აგრძელებს ქვეყნის მხარდაჭერას და ის საქართველოს გულშემატკივარია.
„მე წარმოვადგენ „რესპუბლიკურ პარტიას“. შევხვდი ევროკომისარს და მისი განცხადებები იყო ქვეყნის ევროპულ სტატუსთან დაკავშირებით უმნიშვნელოვანესი. მას შევხვდი როგორც ევროკომისარს, რომელიც საუბრობდა, რომ ყველაფერს გააკეთებს, რათა როდესაც ქვეყანა შეასრულებს 12 რეკომენდაციას, იყოს მთავარი ლობისტი ჩვენი ქვეყნის ევროკავშირში გასაწევრიანებლად. ამის დასტურია მისი „ტვიტიც“. ის აგრძელებს ქვეყნის მხარდაჭერას, ის ამ ქვეყნის გულშემატკივარია. ეს არის ჩემთვის ყველაზე მნიშვნელოვანი გზავნილი. იმედი მაქვს, შემდეგი ვიზიტები ჩვენი ევროპელი პარტნიორებისგან სწორედ ამაზე იქნება ორიენტირებული, რომ ქვეყანამ მიიღოს მეტი მოტივაცია. ისმოდეს კრიტიკაც, რომლის გამოსწორების ვალდებულება ექნება ხელისუფლებას, რათა გადაიდგას სწორი ნაბიჯები და მივიღოთ ევროპული სტატუსი. ეს არის ნომერ პირველი ამოცანა“, – განაცხადა ხათუნა სამნიძემ.
ევროპული სამეზობლო პოლიტიკისა და გაფართოების საკითხებში ევროკომისარმა ოლივერ ვარჰეიმ განაცხადა: „ვხედავთ, რომ საქართველოს დიდ უმრავლესობას სურს ევროკავშირში გაწევრიანება. ეს ძალიან ძლიერი მანდატია არა მხოლოდ მთავრობისთვის, არამედ მთელი ქვეყნის პოლიტიკური ელიტისთვის და ყველა იმ პირისთვის, ვინც აქტიურად მუშაობს ამ მიმართულებით. ჩვენ ევროკავშირში გაწევრიანებისთვის ვამზადებთ საქართველოს“.