ხათუნა სამნიძე - მიუღებელია, რომ ქვეყანაში, სადაც გამჭვირვალობა პრობლემა არ არის, ილაპარაკონ გამჭვირვალობის ეგიდით და შექმნან ე.წ რეესტრი, სადაც აგენტებს დაარქმევენ ქვეყნის ნახევარზე მეტ მოსახლეობას
ჩვენთან სამოქალაქო საზოგადოებაში გამჭვირვალობა არის უმაღლეს დონეზე, – ამის შესახებ „რესპუბლიკური პარტიის“ თავმჯდომარემ, ხათუნა სამნიძემ საქართველოს პირველი არხის გადაცემაში „დღის თემა“ განაცხადა.
„დონორებს დასტებად მიაქვთ ინფორმაცია საგადასახადო დეკლარაციებით, რამდენს ხარჯავენ ამ ქვეყანაში, ისევე როგორც არასამთავრობო ორგანიზაციებს აქვთ სერიოზული ვალდებულებები ფინანსური ანგარიშგების. ასევე, ინფორმაციულად, თქვენ ვერ ნახავთ, მაგალითად, რომელიმე ონლაინგამოცემას, სადაც რომელიმე ჩვენი პარტნიორის დაფინანსებით არის მიღებული თანხა, ამ თანხების შესაბამისად მერე სტატიები იწერება, და არ იყოს სტატიაზე მიწერილი, ვისი მხარდაჭერითაა ეს სტატია, დოკუმენტი თუ კვლევა შექმნილი. ასეთი რამ არ არსებობს“, – აღნიშნა სამნიძემ.
მისი თქმით, კანონპროექტის ავტორთა მიზანი გამჭვირვალობის მიღწევა კი არ არის, არამედ „ხალხის ძალას“ და მთელ „ქართულ ოცნებას“ პრობლემა აქვს არასამთავრობო სექტორთან, სადაც მაღალი დონის თავისუფლებაა და მათ სურთ კრიტიკული აზრის ჩახშობა.
გადაცემის წამყვანის შეკითხვაზე, რა ფორმით შეიძლება, შეზღუდოს ხელისუფლებამ მესამე სექტორი ამ კანონმდებლობის მიღების შემდეგ, ხათუნა სამნიძემ განაცხადა, რომ ეს არის პუტინის გზა და აპრობირებული მეთოდი, როგორ უნდა მოსუფთავდეს ველი სამოქალაქო საზოგადოებასა და მედიაში.
„2012 წელს, როდესაც ეს კანონი რუსეთში დაინიცირდა და მიიღო პუტინმა, მაშინაც მისი ახსნა-განმარტება იყო და იქ ჩვენს კოლეგებს, უფლებადამცველებს და არასამთავრობო ორგანიზაციებს ეცინებოდათ, ისინიც ასე უყურებდნენ და ვერ წარმოედგინათ, რა უნდა მომხდარიყო. იქაც არ იყო გაწერილი აკრძალვა, მითითებული იყო მხოლოდ გამჭვირვალობა, რეესტრი და ეს ველი ძალიან მალე გაფართოვდა, დაიწყო შემოწმებები, ფიზიკურ პირებზე იარლიყების მიწებება და რეპრესიები. რუსეთში ახლა რაც ხდება, ამის ერთ-ერთი საფუძველი არის ის კანონი, რომელიც პუტინმა 2012 წელს მიიღო და მერე, ცვლილებები შეიტანა 2017 წელს“, – განაცხადა სამნიძემ.
ხათუნა სამნიძემ ასევე განაცხადა, რომ მაშინ როდესაც ხელისუფლების წარმომადგენლები ამა თუ იმ ადამიანს, ვინც არ მოსწონთ, ხალხის მტრის იარლიყს აწებებენ, ადვილი წარმოსადგენია, რა იქნება, როდესაც ამ ადამიანებს, ვინც „ქართულ ოცნებას“ არ მოსწონს და ვისაც თავისი განცხადებებით ებრძვის, უკვე იარლიყიც დაედება, რომ ის არის უცხო ქვეყნის აგენტი.
„დაღდასმული როდესაც იქნებიან ეს ადამიანები და ორგანიზაციები, თქვენ წარმოგიდგენიათ, როგორი რეაქციები იქნება უკვე იმ ადამიანებისგან და იმ ჯგუფებისგან, რომლებიც ამას ელოდებიან?“ – განაცხადა სამნიძემ.
თამთა სანიკიძის შეკითხვაზე, რას უპასუხებს „ხალხის ძალის“ მიერ წარმოდგენილ არგუმენტებს, რომ ინიცირებული კანონპროექტი რუსული და ამერიკული კანონისგან განსხვავდება და ის ამერიკული კანონის შერბილებული ვარიანტია, „რესპუბლიკური პარტიის“ თავმჯდომარემ განაცხადა, რომ ის არსზე საუბრობს და ამ ორი კანონის შედარებაში არ შევა.
„ამ ქვეყანაში უზრუნველყოფილია აბსოლუტური გამჭვირვალობა ყველა დონორი ორგანიზაციის. იმ არასამთავრობო ორგანიზაციებს, რომლებსაც „ქართული ოცნება“ ებრძვის, აფინანსებენ დონორი ორგანიზაციები და ეს დონორი ორგანიზაციები არიან ჩვენი მეგობარი ქვეყნები და ამ მეგობარი ქვეყნების გადასახადის გადამხდელები. პრინციპულად წარმოუდგენელი და მიუღებელია, რომ ქვეყანაში, სადაც გამჭვირვალობა პრობლემა არ არის, ილაპარაკონ გამჭვირვალობის ეგიდით და შექმნან იარლიყი და ე.წ. რეესტრი, სადაც აგენტებს დაარქმევენ ამ ქვეყნის ნახევარზე მეტ მოსახლეობას“, – განაცხადა სამნიძემ.
ხათუნა სამნიძემ ასევე განაცხადა, რომ ამერიკული კანონი არის ლობიზმზე, საქართველოში კი ებრძვიან იმ ადამიანებს და ორგანიზაციებს, რომლებიც არის ქართული, აქ დაფუძნებული, რომლებიც ჩვენი ქვეყნის ინტერესებიდან გამომდინარე მუშაობენ და მათ ჩვენი პარტნიორები ეხმარებიან.
„ამერიკა და ევროპა ამ ქვეყნის პარტნიორები არიან. სტრატეგიული პარტნიორია ამერიკელი და როგორ შეიძლება, ამერიკის დაფინანსებულ ორგანიზაციას უწოდო აგენტი?“ – განაცხადა ხათუნა სამნიძემ.