ხათუნა სამნიძე - მინდა, „ქართულ ოცნებას“ შევახსენო, რომ მიხეილ სააკაშვილის პოლიტიკური წონა მის ფიზიკურ წონასთან ერთად არ იკლებს
მინდა, „ქართულ ოცნებას“ შევახსენო, რომ მიხეილ სააკაშვილის პოლიტიკური წონა მის ფიზიკურ წონასთან ერთად არ იკლებს, – ამის შესახებ ოპოზიციონერმა დეპუტატმა, ხათუნა სამნიძემ განაცხადა.
სამნიძე გამოეხმაურა ზელენსკის განცხადებას, რომლითაც უკრაინის პრეზიდენტმა საქართველოს ხელისუფლებას მიმართა და სააკაშვილის უკრაინის, ევროპის ან ამერიკის რომელიმე კლინიკაში გადაყვანისკენ მოუწოდა.
როგორც სამნიძემ აღნიშნა, მთელი მსოფლიო არის ჩართული, რომ პატიმრობაში მყოფი ყოფილი პრეზიდენტის სიცოცხლეს არ დაემუქროს საფრთხე და უზრუნველყოფილი იყოს მისი ჯანმრთელობის უფლება.
„ქართული ოცნება“ ხედავს, რომ ამჯერად უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის მიმართვით კიდევ ერთხელ ხაზი გაესვა, რომ უმნიშვნელოვანესია პატიმრობაში მყოფი ყოფილი პრეზიდენტის ჯანმრთელობის უზრუნველყოფა. შეთავაზება არის, რომ გაყვანილი იყოს ქვეყნის გარეთ, რადგან საქართველოში, როგორც ვხედავთ, არ არის უზრუნველყოფილი მისი ჯანმრთელობის დაცვა“, – განაცხადა სამნიძემ.