ხათუნა სამნიძე - მინდა, პარტნიორებს მადლობა გადავუხადო, რომ დღეს პირველი ნაბიჯი გადაიდგა კრიზისის განმუხტვისთვის, ამ ეტაპზე ყველაზე მთავარია, ჩვენ მიმართ საზოგადოებაში გაჩნდეს ნდობა
მინდა, პარტნიორებს მადლობა გადავუხადო, რომ დღეს პირველი ნაბიჯი გადაიდგა კრიზისის განმუხტვისთვის, – ამის შესახებ „რესპუბლიკური პარტიის“ თავმჯდომარემ, ხათუნა სამნიძემ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე განაცხადა.
ოპოზიციონერი დეპუტატის თქმით, პარტიებს შორის დადებული შეთანხმების პირველი ნაბიჯი უნდა იყოს გიორგი რურუასა და ნიკა მელიას გათავისუფლება.
„ჩვენს ევროპელ და ამერიკელ კოლეგებს, პარტნიორებს, გულშემატკივრებს, რომლებმაც არც ერთ ეტაპზე არ მიატოვეს ეს ქვეყანა, მინდა მადლობა გადავუხადო იმის გათვალისწინებით, რომ დღეს პირველი ნაბიჯი გადაიდგა კრიზისის განმუხტვისთვის, რაც საკმარისი არ არის და ძირითადი გზა წინაა. ამ ძალიან რთულ, მტკივნეულ და ხანგრძლივ მოლაპარაკებებში მათ გააკეთეს ყველაფერი, რომ შეთანხმებისთვის მიგვეღწია. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ეს შეთანხმება იყოს უფრო ფართო და ჩვენი ყველა ოპოზიციონერი კოლეგა შემოუერთდეს ამ დოკუმენტს, მაგრამ ამ ეტაპზე ყველაზე მთავარი არის პირველი ნაბიჯების გადადგმა, რათა საზოგადოებაში გაჩნდეს ნდობა თითოეული ჩვენგანის მიმართ.
ამ მოლაპარაკებების დროს ჩვენი პარტნიორებისგან ძირითადად რაც გვესმოდა იყო, რომ არ არსებობს ნდობა ორ მხარეს შორის, ქართულ პოლიტიკასთან ძალიან ახლოს დგას სიტყვები: მტრობა, ჩასაფრება, აგრესია, დაპირისპირება, ხელის გადაგრეხა და წარსულზე ჩაბღაუჭება. ამ შეთანხმებით, სადაც უამრავი მნიშვნელოვანი საკითხია, პირველი ნაბიჯი უნდა იყოს ის, რომ პოლიტიკური დევნის ობიექტები, რომლებზეც ამდენი თვეა ვსაუბრობთ, გათავისუფლდნენ და ამით საზოგადოებას გავუჩინოთ ნდომა, რომ ჩვენ შესაძლებელია, შევასრულოთ შეთანხმების ყველა პუნქტი, შესაძლებელია, ქართული პოლიტიკის დამახასიათებელ სიტყვებად ვაქციოთ: კომპრომისი, შეთანხმება, თანამშრომლობა, მომავალზე ორიენტირებული ნაბიჯები“, – განაცხადა ხათუნა სამნიძემ.
სიტყვით გამოსვლისას ხათუნა სამნიძემ ყურადღება გაამახვილა ამნისტიის კანონპროექტზეც და აღნიშნა, რომ აუცილებელია ამ საკითხზე დაპირისპირების გარეშე შეთანხმება.
„მინდა ყველას გთხოვოთ, ამ ძალიან მყიფე და სახიფათო პროცესში შევძლოთ, მტრობის, დაპირისპირების და ისევ კუნთების ჩვენების გარეშე შევთანხმდეთ ყველაზე მთავარ ნაბიჯზე, რაც ეხება ამნისტიის კანონს. შეხვედრების შემდეგ შევძელით და პასუხი გავეცით შეკითხვებს: ხომ არ შეეხება ამნისტია იმ ადამიანებს, ვინც სხეულის მძიმე დაზიანებები მიაყენეს დემონსტრანტებს? გუშინ ორივე მხარემ მკაფიოდ ვთქვით, რომ არა, ეს ამ ადამიანებს არ შეეხება. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ დღეს, სამუშაო შეხვედრების შემდეგ, კიდევ უფრო მკაფიო იყოს ეს პოზიციები და პირველი ნაბიჯებით შევძლოთ, ნდობა აღვადგინოთ საზოგადოების მხრიდან“, – განაცხადა ხათუნა სამნიძემ.