ხათუნა სამნიძე - მელია გირაოს თუ არ თანხმდება, მისი ნებაა, მაშინ რჩება ამნისტიის შესაძლებლობა, რითაც გათავისუფლდება
„რესპუბლიკური პარტიის“ თავმჯდომარის, ხათუნა სამნიძის განცხადებით, პარლამენტში, ევროპული საბჭოს პრეზიდენტ შარლ მიშელთან დღევანდელი შეხვედრა ემსახურებოდა იმას, რომ კიდევ ერთხელ, ერთად განეხილათ შეთანხმების ის მუხლები და კონკრეტული მექანიზმები, რასთან დაკავშირებითაც უახლოეს მომავალში უნდა იმუშაონ.
სამნიძის თქმით, იმედი აქვს, ორმხრივი თანამშრომლობით, დოკუმენტის აღსრულების პროცესი წარმატებული იქნება და ამ პროცესს საერთაშორისო პარტნიორები დააკვირდებიან.
„რა თქმა უნდა, დაისვა საკითხი პატიმრებთან დაკავშირებით, რადგან ეს მყისიერად გადასაჭრელი თემაა. როგორც შეთანხმებაშია გაწერილი, დღეების და საათების საქმეა, რომ ეს ორი საკითხი გადაიჭრას.
რაც შეეხება ყველა სხვა საკითხს, რომელიც გრძელ ვადაშია გათვლილი, ამას სჭირდება მონიტორინგი, ყურადღება და თანამშრომლობა, ასევე ჩვენს პარტნიორებთან. მივიღეთ პირობა, რომ საქართველოსთან თანამშრომლობა გაგრძელდება. იმედი მაქვს, ორმხრივი თანამშრომლობით, ამ დოკუმენტის აღსრულების პროცესი წარმატებული იქნება და ამ პროცესს, რა თქმა უნდა, ჩვენი საერთაშორისო პარტნიორები დააკვირდებიან.
შეთანხმების თანახმად, პირველი შესაძლებლობა არის გირაოს გადახდა, რომელსაც ჩვენი ევროპელი პარტნიორები იხდიან. ისინი მზად არიან, ეს გააკეთონ, თუმცა იქვე ამატებენ, რომ ინდივიდუალური და ადამიანის ნებაა, უარი თქვას ასეთ შეთავაზებაზე. როგორც ვიცი, ნიკა მელია უარს ამბობს. მეორე მექანიზმი კი ამნიისტის კანონია, რომელიც ეხება 19-21 ივნისის მოვლენებს, სადაც იგულისხმება ნიკა მელიას საქმე. ასეთი კანონპროექტი შეთანხმებაზე ხელმოწერიდან ერთი კვირის ვადაში უნდა დარეგისტრირდეს. ახლა მმართველი გუნდის და ოპოზიციური პარტიების, ვინც ამ შეთანხმებაში ვართ, ვალი და პასუხისმგებლობაა, რომ ასეთი ამნისტიის კანონპროექტი დარეგისტრირდეს და ამაზე მსჯელობა დაიწყოს. თუ მელია გირაოს არ თანხმდება, ეს მისი ნებაა, მაშინ რჩება ამნისტიის შესაძლებლობა, რითაც ის იქნება გათავისუფლებული. ამაში მონაწილეობას მიიღებს ორივე მხარე“, – განაცხადა ხათუნა სამნიძემ.