ხათუნა სამნიძე - ლევან ხაბეიშვილს ვურჩევ, ოპოზიციის იდენტიფიცირების ნაცვლად, საკუთარ პარტიასა და ფრაქციაზე იზრუნოს, რათა დროებითი საგამოძიებო კომისიის კენჭისყრაზე ყველა მათგანი სხდომათა დარბაზში იყოს
ლევან ხაბეიშვილს ვურჩევ, ოპოზიციის იდენტიფიცირების ნაცვლად, ვინ სად დგას, საკუთარ პარტიაზე და პარლამენტში მის ყველაზე დიდ ფრაქციაზე იზრუნოს, რომ თითოეული მათგანი სხდომათა დარბაზში იყოს მაშინ, როცა კენჭს ვუყრით დროებით საგამოძიებო კომისიას, – ამის შესახებ ოპოზიციონერმა დეპუტატმა, ხათუნა სამნიძემ განაცხადა.
აღნიშნული კომენტარით სამნიძე გამოეხმაურა ლევან ხაბეიშვილის განცხადებას, სადაც „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე ამბობს: „ერთხელ და სამუდამოდ ამ ქვეყანაში უნდა გაირკვეს, ვინ არის ნამდვილი და ვინ – თვითმარქვია ოპოზიცია“.
„თუ აქამდე არ შეიქმნა რომელიმე საგამოძიებო კომისია, ეს ხშირად იმის გამო მოხდა, რომ ოპოზიციაში საკმარისი ხმები არ გვქონდა. ახლა მნიშვნელოვანია, თითოეული ჩვენგანი დარბაზში იყოს და ამაზე ყველამ უნდა ვიზრუნოთ, რადგან 50 ხმა გვჭირდება. ამიტომ ხაბეიშვილს ვურჩევ, ხმებზე იზრუნოს, რათა საზოგადოებას დავანახოთ, რომ საგამოძიებო კომისიის შექმნით ოპოზიციურ მანდატებს ვიყენებთ სიმართლის დადგენისთვის. არ მგონია, რომ იარლიყების მიწებება სწორია“, – განაცხადა ხათუნა სამნიძემ.